Ladies Night
რაც ახალ სამუშაო პოზიციაზე გადმოვედი (დამაწინაურეს, თუ ამას ასე ქჰვია), სიზმრების ხილვა დავიწყე ექსელის ფორმატში!
დიდი არც არაფერი მაქვს ახლა დასაწერი, გარდა იმისა, რომ ბილ გეითსის დედის გაცნობის სურვილი მაქვს, თუ უკვე მკვდარია, ვეძებ მსურველებს, რომ მისი სული გამოვიძახოთ!
მეზიზღება უკვე ექსელი… თვალები დამეუჯრა მათემატიკის რვეულისამებრ… და საერთოდ!
პ.ს. აუ პატრიკ სუეიზი რატომ მოკვდაააააა
Posted in მახათი | 7 Comments »
რყევამ გამაღვიძა, თუ საკუთარმა კივილმა აღარ მახსოვს… მახსოვს, როგორ დავემხე ზევიდან თიკოზე (ჩემი ბიძაშვილი, რომელსაც ჩემს გვერდით სძინავს, მისდა საუბედუროდ) და თან ვფართხალებდი, თითქოს თიკოში უნდა გავქცეულიყავი, მივმალულიყავი და თან დავხაოდი თავზე მთელი მონდომებით… მერე გამახსენდა და არკა! არკა! გავკიოდი და თან საყრდენი თაღისკენ გავრბოდი (კივილ-კივილით).
მოგვიანებით მთელი ოჯახი ჩემს ოთახში შევიკრიბეთ:
თიკო (ჩემი ბიძაშვილი): კაცო, ვერ გავიგე მე რა ხდებოდა, ეს ისე წამომახტა თავზე ვიფიქრე, ვინმემ, ან რამემ თუ შეაშინა და ვაწყნარებდი (მართლა მაწყნარებდა სიტყვიერად). მერე არკისკენ რომ გაიქცა, ვიფიქრე ეზოში გარბოდა, დიდი არკა რომ არის, ქე ვერ მივხვდი რა უნდოდა მარა გავყევი (მოქუთაისურო კილოთი).
რეალურად, თიკო ოთახის შუაში იდგა საცვალის ამარა და თვალებგაფართოებულს, რატომღაც, ჩემი გადასაფარებელი ეჭირა ხელში.
ბებიაჩემი (იმ მომენტისთვის ჰიჩკოკი): ახლა ქე რო იყო მიწისძვრა, ცოტა ხნის წინ, მაშინ კონტროლი თუ ვინცხა დადიოდა, შენობებს ამოწმებდა და ჩვენს კორპუსს მესამე კატეგორია მიანიჭეს, აპა (რატომღაც ნიშნისმოგებით)…. სარდაფში რაღაც არის გაღუნული….
დათუჩა (ჩემი ძმა): მე სულაც არ შემეშინდა… და საერთოდ, რისი გეშინიათ… აი მე ასე ვიზავ და ისე ვიზავ… ბეეე, ტუალეტში გამომყევი რა…
თამრიკიე (მეორე ბიძაშვილი): ვაიმე დედიკოოო (NO Comments)
რეი (ჩემი არაცხოველი ძაღლი): ჯერ კიდევ ვერ გაიგო ცოტა ხნის წინ რატომ დავრბოდი და ვხაოდი პირველყოფილივით, დაბორიალობს, საჭმელს ეძებს.
მე ბოლოს ჩაცმული ჩავწექი, ვაიდა განმეორებულიყო, ეგრევე უნდა მეპლიტა…
მეზიზღება მიწისძვრა, უზომოდ დაუცველად და უსუსურად ვგრძნობ თავს. თუმცა, ერთი კარგი მხარე აქვს, ვგიჟდები მიწისძვრის დამთავრების მერე აღელვებული საზოგადოება, უკვე მერამდენეჯერ, თავიდან რომ ჰყვება ყველა განვლილ მიწისძვრების ისტორიებს და ყოველ ჯერზე, ახალ ახალ ფერად და აქამდე უცნობ დეტალებს რომ ამატებენ ხოლმე თავიანთ ისტორიებს… ტიპა, მე როლიკებზე ვიდექი მაგ დროს და ისე გამაქანა, რომ სალტო გავაკეთე და ა.შ.
ასევე მშურს ჩემი რამოდენიმე ნაცნობის, რომლებმაც უბრალოდ ვერ გაიგეს.
აქვე დავამატებ ელემენტარულ თუთორიალს, თუ როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს (ვაკოპირებ www.planeta.ge-ს ფორუმიდან)
1. რყევებისას არ დავტოვოთ ბინა! იმიტომ რომ პირველი კიბეები ინგრევა ხოლმე
2. დავდგეთ მზიდი კედლების ქვეშ(კარებთან)
3. თუ მაინც ჩასვლას გადაწყვეტთ არ ჩახვიდეთ ლიფტით, მარა თუ პანიკას ვერ გაუძელი და არიქა მაინც უნდა ჩავიდეო, ისევ კიბე ჯობია, იმიტო რო ლიფტი კიდე უფრო საშიშია
4. შეძლებისდაგვარად გადავკეტოთ გაზი და გამოვრთოთ დენი მთლიანად
5. თუ გარეთ ხართ…ეცადეთ იპოვოთ გაშლილი ადგილი,
6. თუ არ არის ასეთი ადგილი ეცადეთ ისეთი ადგილი იპოვოთ, სადაც ნამსხვრევები არ მოგხვდებათ…(შეიძLება ეს სავაჭრო ჯიხურიც კი იყოს!)
7. ასეთი სიტუაციებისთვის ყოველთვის გქონდეთ მომზადებული სპეციალური ჩანთა, სადაც გექნებათ წამლები და პიურველადი მოხმარების ნივტები, დრო რომ არ დაკარგოთ მათ შეგროვებაში!
9. დაჭრილებს აღმოუჩინეთ პირველადი დახმარება. ნომერი პირველი ამოცანა სისხლდენის შეჩერებაა!!!
10. დაელოდეთ ოფიციალურ წარმომადგენლებს!
Posted in მახათი | 6 Comments »
მოკლედ, ძალიან მოკლედ რომ არ დავწერო ჩემი დღევანდელი გასტრონომიული შთაბეჭდილებები, ალბათ, მშვიდად ვერ დავიძინებ.
გონიოში მიმავლებს გული დაგვწყდა, რომ ქუთაისის გასასვლელთან ჯერ არ გვშიოდა. სამაგიეროდ, უკან მომავალ გზაზე, სპეციალურად ნახევრადმშივრები წამოვედით, რომ ”მამაქალაქის” შესასვლელთან მდებარე უკრაინული სამზარეულოს რესტორანში გვევახშმა. ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ!
ეს მშვენიერი, მყუდრო და მეგობრული ატმოსფეროთი გაჯერებული სახლის ტიპის რესტორანი ქუთაისის შესასვლელში არის ხელმარჯვნივ. (ეს როცა დასავლეთიდან მოდიხარ და გასასვლელში, თუ თბილისიდან მიდიხარ). რაღაც წყლის ავზი არის რკინის კონსტრუქციაზე მაღალზე და იმაზე აწერია უკრაინა, თუ არ ვცდები. შეუხვევ თუ არა ეზოში შეხვალ მანქანით ერთსართულიანი ხის სახლის წინ. აივნის ჯებირები ისეა მოხატული, რომ უცებ, მართლა გავიწყდება, რომ შავ ქუთაისში ხარ.
ეხლა კი მთავარი, ანუ რამაც გაოცებული დამტოვა.
შევუკვეთეთ:
- ბორში არაჟნით
- სალათი (ქათმით, კვერცხით, პომიდვრით, მაიონეზით, ზეთისხილით, სოკოთი და რავი მე კიდევ რა აღარ იყო)
- რაღაც საფირმო, ძალიან უცხო კოტლეტი (სამკუთხედის ფორმა ქონდა, თითქოს ვაფლს გავდა) ორი ცალი და გარნირად პიურე
- ქოთანში საქონლის ხორცი კარტოფილითა და სოკოთი
- ორი ბოთლი საფირმო მარკის ლუდი
- პური მოგვიტანეს შავი, თან რატომღაც ორი შავი აგურის პური იყო დაჭრილი.
საჭმელი იყო უუუუუუუუუგემრილესე და თან საკმაოდ დიდი პორციები (ნახევარი დავტოვეთ). ძალიან კმაყოფილებმა მოვითხოვეთ ანგარიში და მორალურადაც მოვემზადეთ. სასიამოვნო გარეგნობის მომსახურე პერსონალი რომ მოვიდა და საყვარელი აქცენტით გვითხრა ოცი, ორივემ მოხარშული თევზის თვალებით შევხედეთ და ალბათ პირებიც რომ დავაღეთ მერე უკვე თავის ენაზე გაგვიმეორა დვადცატოო… აქ კიდევ უფრო გაკვირვებულებმა მასთან ერთად გავიმეორეთ ეს ჯადოსნური ციფრი… სანამ 50-იანის ხურდად 30 ლარი არ მოვიდა, ვერადა ვერ ვუჯერებდი მხოლოდ ყურებს, რომ 20 ლარი დაჯდა ყველაფერი ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.
ასეთი რამ სადმე საქართველოში ან საერთოდ სადმე კიდევ თუ ხდებოდა არ მეგონა..
ყველას, ყველას, ყველას, ვისაც კი მოგიწევთ ქუთაისზე გავლა გირჩევთ, არ გამოტოვოთ ეგ მშვენიერი ადგილი!
Posted in მახათი | 2 Comments »
დილა დაიწყო სასწაულად… ჩემი უფროსი უჟმურ ხასიათზე მოვიდა სამსახურში და კონცერტები მომიწყო არაფრისთვის. ძალიან ვინერვიულე. მომაყარა მერე მილიონი საქმე და ისე ჩავეფალი მუშაობაში რომ ჭამა დამავიწყდა. მთელი დღე ყავაზე გადავატარე. პრინციპში, იმ მომენტში, ვერც ვგრძნობდი შიმშილს.
დღეს ჩემთან გამოდიოდა. დაღლილი ხარ არ გინდა წვალებაო, სადმე ავიღოთ საჭმელი და ისე გადავაგოროთ დღევანდელი დღეო. ბოლოს მაინც ჩემებურად შევთანხმდით: რამეს მოვამზადებდი სახლში (მიყვარს მისთვის საჭმლის მომზადება). გავიქეცი ჯი-თი-სი-ს პოპულში. გავავსე სავაჭრო კალათა პროდუქტებით. ლუდიც ვიყიდე 6 ბოთლი, მეთქი ესიამოვნება. ხუთი პარკი ძლივს მივათრიე მანქანამდე. ჩავდე მანქანაში და მერე ზევით ავირბინე, თავად სავაჭრო ცენტრში, მისი საათი მქონდა დატოვებული გასაკეთებლად და ის გამოვიტან. რა საშინელი ამინდი იყო, დავსველდი.
გზად გადავურეკე, მეთქი ჩემზე ადრე თუ მიხვედი ეზოში დამიცადე, მოხმარება მინდა სახლში რაღაცეების ასატანადთქო. გზად ვიფიქრე, მეთქი ზეთი ხომ არ მეყიდა ბარემ აფთიაქშითქო (თმა მაქვს საკვები, დავიწვი
), ვურეკე, ვურეკე, მეთქი ვკითხო, ვასწრებ გავლას… სულ დაკავება ქონდა. შევეშვი. სახლში გავიქეცი პირდაპირ, მინდოდა ცოოოტათი მაინც მომესწრო რამის გამზადება, რომ დიდი ხანი არ დასჭირვებოდა მშიერს საჭმლის მოლოდინი. სულ დამავიწყდა დრო… დავიწყე სასწრაფოდ კარტოფილი… სტეიკი… გუშინდელი სადილიც შემოვდგი გასაცხელებლად (ვიცი, ქათამი არ უყვარს, მაგრამ მაინც გემრიელი ჩახოხბილი იყო) სალათა მივჭერი უცებ და ამასობაში სახლიც მივალაგე, იატაკები მოვრეცხე (რეის გადამკიდე, სუფთა სახლის დამლაგებელი გავხდი)… უკვე მესამე ნაჭერ სტეიკს ვწვავდი, კარტოფილი მეორედ შევაცხელე, ის კი არ ჩანდა. დავურეკე. სადღაც იყო, მანქანაში ვარო… (5 წლიანი ტყუილის აკადემია მაქვს დამთავრებული!!!).. გავატარე…
გავაწყე მაგიდა. დიდ თეფშზე ლამაზად მოვათავსე სტეიკის ნაჭრები, კარტოფილი და სალათი. დავუდე წითელი წიწაკაც (შევიძინე, სულ ითხოვს ხოლმე), მწვანე ცოცხალი წიწაკაც, ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის, ის პური, რომელიც მას უყვარს… და კიდევ სხვა რამეები. დავჯექი და ვიჯექი ასე 30 წუთი! უზომოდ მშიერი მივჩერებოდი ჩემს გაწყობილ მაგიდას და მეტირებოდა!
მოვიდა. ნასვამი. ხმა ვერ გავეცი. რამდენი მოითხოვა ყურადღება იმდენი ვეჩხუბე. წავიდა. ვერც გაიგო რა მეტკინა და რა მეწყინა…
არც მე მესმის… რატო მწყინს, ან რატომ ველი საერთოდ ვინმესგან რაიმეს. მართლა მიკვირს. ისიც მიკვირს, რომ არ ვაღიარებ, რომ მარტო მინდა! მარტო! იმიტომ რომ უფრო ადვილია იყო ბედნიერი! შენი თავისგან მაინც იცი, რას მოელოდე.
მეზიზღება ეს დღე. მალე მინდა გათენდეს.
Posted in საქალღმერთო | 12 Comments »
აი, როგორც სიგარეტზე მაქვს დანებებული თავი 100.000 ორშაბათს და ესე 10 ახალ წელს, ისე ვერ დავიცავი პირობა, რომ წელამდე სიმწრით მოთრეული კარგი ხარისხის თმა ერთწამიანი ახირებით არ უნდა გავაფუჭო!
პირველი შეურაცხყოფა საკუთარ თმას დაახლოებით 6 წლის წინ მივაყენე. ბათუმში ვიყავი. ერთი ბიჭი მიყვარდა, რომელმაც აღნიშნა, რომ კულულები უყვარს. მეორე დღეს ბათუმის N სალონში ვიჯექი და ძირში ვკლავდი ჩემს აბრეშუმივით თმას… ქიმიური, თუ ბირთვული კულულები კარგი იყო ბათუმი-თბილისის მატარებელში გაკეთებული ფოტოსესიისას… თბილისის ჰაერზე ეგრევე ძირიდან მცვიოდა… დავდიოდი და დალალებს ვყრიდი, რომლესაც ჩემი პრინცი არ გამოყოლია.. დავრჩი მერე, როდისღაც, უპრინცოდ და უთმოდ! დავიფიცე, ცხრა ხატი და ცხრა ანგელოზი დავიფიცე, რომ თმას აღარ გავაბითურებდი…
მერე ქერა ვიყავი… გამიძლო, გადარჩა… მაინც ვეტაკე და ისევ ქიმია გავიკეთე. ისევ დაღაფა სული ჩემმა თმამ… მას მერე რამდენი წელი გავიდა?? მგონი საკმაოდ ბევრი… ეს წლები, მხოლოდ ”სოლნცე ეფექტი”-თ ვირთობდი თავს, ოდნავ ახუნებს ბუნებრივ თმას.
რამოდენიმე საათის წინ, ძლივს გაზრდილი (ერთ სიგრძეზე თან, ეხუმრებით?) სრიალა თმა ფოლგაში გავახვიე. ზუსტად, სულ რაღაც, 6 საათი მიმდიანრეობდა თმის დაკონსერვები პროცესი (ხშირი, გრძელი და სქელიაო, დაიწუწუნა).
ჩანაფიქრში სარა ჯესიკა პარკერის ერთ-ერთი სურათიდან მითითებული ფერი იყო. უჰ, რა უნდაო მაგასო. 6 საათის მერე სარკეში რომ ჩავიხედე სახე მომეჯღანა.. ჭაღარასავით ვარ. ქერა კი არა თეთრი ვარ. თეთრი მელირება მაქვს. რა საშინელებაა. არადა თმა მუქი მაქვს და აი… არ დავასახელებ ეროვნებას, მაგრამ ქე რო იმათ უყვართ შეღებვა ისე ვარ მეც!
უჟას. ხვალ ტონიკის გადავლებას ვაპირებ. თუ არ მიშველა, თავს ვიკლავ
, თუ მიშველა და სასურველი ფერი მივიღე, შემდეგ პოსტს დავუთმობ საგანმანათლებლო თხრობას იმის შესახებ, თუ როგორ მივიღოთ სასურველი ფერის თმა, ან რამე მსგავსი…
Posted in მახათი | 2 Comments »
სამშაბათი. არც ორშაბათია, რომ მძიმე დღე დაარქვა, არც პარასკევი, რომ გაგიხარდეს…. რაღაც უდღეური დღეა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ამ დღეს მე მოვევლინე საქართველოს და სწორედ ამ დღეს გადავწყვიტე, მოქალაქეობრივი შეგნება ამემაღლებინა, ვინმე ბეენვეს პატრონისათვის.
მთელი დღე ფოსტის ცხენივით დავქროდი ჩემი მანქანით (რომელიც მერსედესიც კი აღარ არის) მცხეთასა და სათაო ოფისს შორის (სათაო ოფისი თბილისშია, კრწანისში). სათაო ოფისში შესასვლელად ლოდინი მომიწია. ჭიშკარს რომ მივუახლოვდი, ჩვეულად, ფანჯრის ჩამოუწევად, ამაყად მივაკარი შუშას ჩემი გაღიმებულსურათიანი საშვი და არ შემიშვეს.. საგანგებო მდგომარეობააო. (მოგვიანებით გავიგე, რომ პატარა, უმწიკვლო მოხანძრო ელემენტი გაჩენილა ეზოში, რომელსაც კაცი მიფსმითაც ჩააქრობდა). მანამ, სანამ სახანძრო მანქანების კოლონები გადარეულები ეკვეტებოდნენ რეზიდენციის ვიწრო შესასვლელში, მე და ჩემი თანამშრომელი მარადმწვანე ზვიადისტთა თავყრილობის წევრებს ვაკვირდებოდით და ვერთობოდით (ტიპებს არ ბეზრდებათ, უკვე მერამდენე წელია, ედიკას რეზიდენციის წინ კონცერტების მოწყობა).
როდისღაც შევედი და გამოვედი ოფისიდან. მერე ბანკი, მერე საცობები, მერე მორე ბანკი, მერე მცხეთა, კომპიუტერი, ფორუმი1, ფორუმი 2, შეკვეთა გეპზე, დავხურე ნოუთბუქი და გამოვეშურე ისევ თბილისისაკენ, სახლში.
შემოვდივარ ეზოში და ვიღაც განუვითარებელს, ასევე განუვითარებლად ჰყავს დაყენებული (უფრო სწორი იქნებოდა – დაგდებული) მანქანა ეზოში და ჩემს ადგილას ვერ ვაყენებ. წარბშეუხრელად უკან ამოვუყენე მანქანა და ჩემს საქარე მინაზე დავტოვე ვრცელი დიდაქტიკური წერილი, იმის შესახებ, რომ მე 8 საათამდე სახლიდან არ გავალ ქვეყანა რომ დაიქცეს და მას ჩემი დალოდება მოუწევს. ვიმედოვნებდი, რომ მეორედ, სანამ ისევ მიაგდებდა თავის გადაღებილ მანქანას, ერთს კარგად დაფიქრდებოდა იმაზე, თუ სად და როგორ აყენებს…
ამოვედი სახლში ამაყი. კომპიუტერი. ფორუმი 1, ფორუმი 2, ვახშამი, ინტერნეტი, ონლაინ მაღაზიები, ფორუმი… და თან..
- უკვე რვა დაიწყო, წავიდე?
- შენ მაგ კითხვას რა უფლებით ბედავ?? 300 ლარი იმისთვის გადაიხადე, რომ საღამო კომპიუტერთან გაატარო?
- არადა კოტეც არ მოდის, იმას კრიტიკული დღეები აქვს.. მარტო რა ივარჯიშებს. ეგებ მხოლოდ ბასეინში ჩავიდე?
- მერე შენც დაგეწყება კრიტიკული დღეები და გამართლებულად გააცდენ სამ დღეს. ხომ ხედავ, ფორუმზე არაფერი საინტერესო არ წერია, ყველა თემა, სადაც დაპოსტე, მკვდარია. უკვე მერამდენედ განაახლე გვერდი? არავის აინტერესებს. წადი, სარბენ ბილიკზე ხომ გახსოვს რა სწრაფად გადის დრო
თან კვირის ბოლოს სასწორზე უნდა შედგე, შენი თავის არ გიტყდება?
- აუ… რვა საათია უკვე. ნუ კაი ჯანდაბას… (შევდივარ საჭირო ოთახში)
- არა, ისე მოდი დავისვენებ დღეს. ყოველდღე ვარჯიში და ბასეინი რა უბედურებაა, გული დამეტვირთება და მალე მოვკვდები! სახლში დავრჩები და ფორუმზე დავპოსტავ.
- ფორუმზე უკვე ათასჯერ განაახლე გვერდი შენთვის საინტერესო თემებში. არავინ პოსტავს! არ მოგბეზრდა ამ იდიოტურ ყუთში ყურება?
თან ვფიქრობ, თან ჩანთა ჩავალაგე… მეზობელს უშნოდ დაუყენებია მანქანა…
- ტიოტია გალია, გაიოზ დომა? მაშინა მეშაეტ..
- ოი, ნანაჩკა, ევო ნეტუ (პირვლად ცხოვრებაში, გაიოზი სახლში არ დამხვდა). ონ ბილიარდ იგრათ პაშოლ ს დრუზიამი.. ნო. . . პო მოემუ კლუჩი ასტავილ…
- სპასიბო, ნე ხოჩუ, ზაბილა კაკ ვადით მეხანიკუ… ოი, დენგი ნა ინტერნეტ დაიტე…
ვიღებ ოც ლარს და ტაშფანდურით ამოვრბივარ კიბეზე….
მორალმა ბოლოჯერ დაიწუწუნა: ”4 წელი მექანიკა ატარე, შე ნამუსგარეცხილო შენა” … და იმეგაცრუებულმა, ჩუმად განაგრძო დასაკლები კილოების თვლა…
პ.ს. ბეემვეს უკან დგას ჩემი მანქანა, ჩემი მანქანის უკან დგას გაიოზის მანქანა, რომელიც ბილიარდს თამაშობს.
ასე გავთხარე ორი ორმო, რომელთაგან ერთში, დიიიიდი სიამოვნებით ვისკუპე!
Posted in მახათი | 2 Comments »
ერთი წლის წინ, ცოტა მეტიც, ალბათ, ჩემი შავი, სპორტული გოლფ IV გავყიდე. გადაწყვეტილი მქონდა, ფეხით სიარული მესწავლა თავიდან და ცოტა ფული მომეგროვებინა. ისე კი, გულის სიღრმეში, არასროს შემიწყვეტია ”გასრიალებულ” მერსედესზე ფიქრი. უბრალოდ, სულ უბრალოდ, გასართობად და თავის მოსატყუებლად, ყველა მესინჯერსა თუ ვებგვერდზე, სადაც კი შესაძლებლობა მქონდა, მეწერა: Oh, Lord, won’t you buy me Mercedes Benz! მგონი ერთი თვეც არ იყო გასული, ჩემი სანუკვარი ოცნების მანქნა რომ შევიძინე.
მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა. ახლა კომპიუტერთან ვზივარ, ვათვალიერებ ჩემი ოცნების მერსედესის სურათებს და ნახევარლიტრიან ცრემლებს ვყლაპავ. 11.500$-ად გავყიდე ჩემი ოცნება. ვერც კი წარმოვიდგენდი, ასე თუ მეტკინებოდა მასთან განშორება. არადა, არასდროს ვყოფილვარ ”ჟეშტზე” დამოკიდებული, მაგრამ ის ძალიან შემყვარებია. . .
ახლა ვცდილობ პოზიტივი ვიპოვო… ასე თუ ისე მყავს გადაადგილების საშუალება: mazda protege 5, 2003 წლის, ბანკში მაქვს 5.500$-ით ნაკლები ვალი და ისევ მაქვს ოცნება…
Posted in საქალღმერთო | 6 Comments »
საუკუნეა აქ აღარ შემომიხედავს. ამ წამს ემოციურად გადატვირთული ვარ და ვიფიქრე, აქ დავიცლებითქო.
ზოგადად, ყოველთვის პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქედ ვითვლებოდი, ანუ, ადამიანად, რომელსაც მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი დამოკიდებულება და აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რათა საჭირო შემთხვევაში სწორი, ქვეყნისათვის და მისთვის საკეთილდღეო გადაწყვეტილების მიღება შესძლოს.
ამ ბოლო დროს, ნელ-ნელა, ზედმეტად ინერტული ვხდები. საერთოდ აღარ შემიძლია რუსთავი ორის, ან საერთოდ საინფორმაციოების ყურება. შედარებით ობიექტურად მოვლენები შუქდება აქუვიზიასა და მაესტროზე, მაგრამ მათაც ისეთი მინუსები აქვთ, რის გამოც, აღარც ამ საინფორმაციოებისათვის შემიძლია თვალყურის დევნება.
რუსთავი 2 ეს არის ტელეარხი, რომლის საინფორმაციო გადაცემებმა, ჩემს თვალში, მატყუარის სტატუსი დაიმსახურა. რუსთავი ორის საინფორმაციო გადაცემაში გაჟღერებულ სიახლეებს აუცილებლად სჭირდება შემდეგი გადამოწმება, რათა დადასტურდეს მისი სანდოობა, შესაბამისად, ჩემთვის უკვე აზრი დაკარგა მაგ წყარომ. (დაახლოებით იგივე ჩარჩოებში ჯდება იმედი და საზოგადოებრივი ტელევიზია).
აქუვიზია: იმისა არ იყოს, მის საქართველოს შესარჩევ კონკურსზე ყველა მონაწილე რაღაცით, განსაკუთრებით კი ცხვირით რომ წააგავს ხოლმე კიწმარიშვილის ცოლს, აი ასევე ამ ტელეარხზე, ყველა აქუბარდიას როგორ დაემსგავსა უსიცოცხლობაში… მათ საინფორმაციოს მართლა ვეღარ ვუყურებ, ვინაიდან, იმდენად მკვდარი წამყვანები ჰყავთ, რომ ვატყობ, მეც პულსი მინელდება ხოლმე მათი ცქერისას…
მაესტროს უკომენტაროდ: აქ, ბუნებრივია, შეუძლებელია გადიოდეს ტყუილი, ვინაიდან ყველანაირი ინტერპრეტაციის გარეშე გადის სიუჟეტები, მშრალი ფაქტები, მაგრამ იმდენად პროპაგანდისტული გახდა ეს ტელევიზია, რომ არც მისი ყურება აღარ შემიძლია… არა, ამ ტელევიზიისაც მესმის, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რადიკალურად სახელისუფლებო ტელევიზიებს ნეიტრალური ტელევიზია ვერ გამოასწორებს, აუცილებლად, ლოგიკურია, რომ ასე უკიდეგანოდ ოპოზიციური ტელევიზია უნდა იყოს, რომ გარკვულად დაბალანსდეს საინფორმაციო გარემო… ალბათ, მაგრამ მე? რიგით მოქალაქეს რომ უკვე აღარ შემიძლია ამ ყოველივეს ატანა, რა ვქნა??
საქართველოს “პრეზიდენტზე” ძალიან დიდი ხანია ავიცრუე გული, თუმცა მის გადადგომაზე არ მიფიქრია მაინც და მაინც.. მაგრამ ომის შემდგომ ძალიან შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ძალაინ ხშირად მიწევს დევნილებთან ურთიერთობა. ხალხთან, რომელთა შესახებაც აღარავინ იხსენებს, რომელთა შესახებაც ინფორმაციის გაშვება სატელევიზიო მასმედიის საშვალებით ცენზურის ქვეშ მოხვდა, ხალხს, რომელიც, ამ ეტაპზე, არც ოპოზიციის გეგმებში შედის.. ყოველი მათთან შეხვედრა და კიდევ ერთხელ შეხება იმ ყოფასთან, რომელშიც ისინი არიან, მეტად მაზიზღებს, აი მართლა მაძაგებს საკუთარი ქვეყნის ბელადს. თუმცა, დილემა არ მექნებოდა, აქ რომ მთავრდებოდეს მთელი ეს გასაჭირი.
კარგი.. ვერ ვიტან პრეზიდენტს, იმიტომ კი არა, რომ მასაჟი გაიკეთა, ან სადღაც ისევ უსირცხვილოდ ამოიყორა მუცელი, მე მას ვერ ვიტან, ვინაიდან ის ჩემს ქვეყანას, რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს ჩემებურად, უსირცხვილოდ ვნებს. ამ მხრივ, ყველაფერი გასაგებია ჩემთან დაკავშირებით, მე მისი მოწინააღმდეგე ვარ, რაც ბევრის თვალში, ავტომატურად მიმაკერებს ოპოზიციას, კერძოდ გრეჩიხობას (რატომღაც, სააკაშვილის მომხრეებს ყველა ოპოზიციურად განწყობილის გრეჩიხის მოტრფიალედ მონათვლა სჩვევია). არადა ოპოზიციაც მძულს უკვე, მძულს არა იმიტომ რომ კარავი ან საკანი დადგეს სადმე და ხის ძირას მოისაქმეს, ვინმეს ფანჯრის ქვეშ, არამეტ იმიტომ, რომ თავიანთი დაბალი დონითა და დაუგეგმავი, ქაოტური მოქმედებებით, არანაკლებ ვნებენ ჩემს ქვეყანას, რომელიც, კიდევ გავმეორდები, ძალიან, ძალიან მიყვარს ჩემებურად.
ჩემი დილემა მდგომარეობს შემდეგში: რომელი მხარე უნდა ავირჩიო? ვიცი, რომ უნდა ავირჩიო, თან აუცილებლად. ყველაზე მავნე, მოქალაქეობრივი ვალის თვალსაზრისით, არის ახლა ერთობ მოდური “ნეიტრალურობა”, ამას მე მოქალაქეობრივ გულგრილობას ვეძახი. არ მინდა რომ გავხდე გულგრილი… ეს ჩემის აზრით, პირველი ნაბიჯია საკუთარი ქვეყნის გულისცემისაგან დაშორებისა, ამავე დროს მინდა სწორი პოზიცია მეჭიროს, ყოველშემთხვევაში, პოზიცია, რომელიც ჩემის აზრით იქნება სწორი. ამ ეტაპზე კი, ვერსად ვიპოვე ჭეშმარიტება, რომ თავი შევაფარო მას. არადა, ხვალ ისევ წავალ შეხვედრაზე და ისევ ასეთი სასოწარკვეთა შემიპყრობს..
აღარ ვიცი, რა ვქნა, არ მინდა ვიყო გულგრილი, მინდა მწამდეს და არა ბრმად.. ნული მაქვს შანსები, ჰო?
Posted in მახათი | 3 Comments »
ე.ი. რაშია საქმე. ჯენის ჯოპლინის სიმღერას ძალიან მაგიური ზემოქმედება აქვს… რაც გავიგე საჭის დანიშნულება და პირვლად დავინახე მერსედესის კუპე თბილისის ქუჩებში, მას შემდეგ ვოცნებობდი ამ მანქანაზე. ძილის წინ ვფიქრობდი, წარმოვიდგენდი ჩემს თავს ამ მანქანაში, იმ მომენტში, როცა მანქანას აჩერებ, კარს აღებ და ფეხი უნდა გადმოდგა… აქ ჩემი ოცნებისეული კადრი ნელდებოდა და უკეთ აფიქსირებდა გარუჯულ ფეხზე რაიმე ძალიან ”ტაკოი” მაღალქუსლიან ფეხსაცმელსაც. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ მაგ მანქანა მეყოლებოდა მსოფლიოს დავიპყრობდი.
ერთი წლის წინ, როცა საბოლოოდ გამაძრო სული კრედიტების გადახდამ და გადავწყვიტე, რომ მეც, დანარჩენი მოკვდავებივით, შემეძლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, ან ტაქსით, გავყიდე ჩემი Golf IV GTI და დავფარე საბანკო კრედიტები… უმანქანობის ცხოვრებისეულ ეტაპზე გამიათმაგდა ოცნებები მერსედესზე. თუ სადმე რამე სტატუსის დაყენება შეიძლებოდა ყველგან დავიყენე Oh Lord, won’t you buy me a mercedes-benz…. მხოლოდ მაგ სიმღერას ვუსმენდი და ჩემს ოცნებებს კიდევ უფრო საინტერესო დეტალებს ვამატებდი, როგორიცაა შენელებული კადრი, როდესაც წითელზე ხმაურიანად ამუხრუჭებ და გვერდით მანქანაში ვინმე ძალიან სიმატიჩნი ტიპს სათვალეების მიღმა თვალებს გადაუციცინებ…
აღარ მახსოვს ზუსტად როდის, მაგრამ ბრეინ სორსში ვიყავი გასაუბრებაზე (www.brain-source.ge ეძებს კადრებს მაღალი პოზიციებისათვის ძირითადად მსხვილი კომპანიებისათვის). საკმაოდ დავუმეგობრდი იქაურ ”მუშაკებს” და ასე, სანამ ეფესის წარმომადგენელთან შევიდოდი გასაუბრებაზე მათთან ჭორაობით ვირთობდი თავს. უცებ ერთი კითხულობს:
- აუ ვინმეს მანქანის ყიდვა ხომ არ გინდათ მაგარ ფასად?
- რა მანქანის? (ინსტინქტურად ვიკითხე, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად ამოღებული მქონდა გეგმებიდან ბანკთან მევალის ურთიერთობების განახლება)
- მერსედესის კუპე, აი ის, ზევით რომ გამჭვირვალე ჭერი აქვს.
მე თვალები ვჭყიტე, სულ დამავიწყდა ჩემი ფიცი მტკიცი, ჩამოვართვი ყველა საკონტაქტო დეტალი იმ გოგოსი, ვინც ყიდიდა და ერთ კვირაში ჩემი ოცნების მანქნაზე ვიჯექი…
მადლობა ჯენისს…
ჰოდა, ახლა….
Posted in მახათი | 7 Comments »
წინა ჩემი უსტარი სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მთავრდება დაპირებით, რომ შემდეგი ჩემი “განცხადება” დაეთმობოდა კონკრეტულად ჩემს 14 თებერვალს. უკვე 19 მარტია და ჯერ კიდევ არაფერი დამიწერია. დავასკვენი, რომ ამის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ აშკარად არ მინდოდა მეწერე 14 თებერვალზე
, არადა პირობა მქონდა დადებული.. ჰოდა, სანამ მომდევნო 14 თებერვალი მოსულა, მინდა ეს ჩაკეტილი წრე გავარღვიო და ნაძალადევად ვპოსტავ.
არა, ცუდი მართლა არაფერი ყოფილა 14-ში, პირიქით, უზომოდ კარგი დღე იყო …. ღამეც…. და მაგის შემდგომი დღეც… და ღამეც… აი, ტრაგიკული, ან როგორც მჩვევია, ტრაგი-კომედიური ”სიყვარულის დღე” რომ მქონოდა, დარწმუნებული ვარ, ერთ მეტრიან წერილობით სატირალს გავაშანშალებდი.. უცნაურია, ჩემს დღიურებშიც დიდი რაოდენობით არის “შავი” ჩანაწერები, აქა იქ მხიარული ჩანაწერები… აი ბედნიერი დღეები კი თითქმის არ მაქვს აღწერილი… ჩემგან კარგი ემო დადგებოდა ალბათ
ოპ.. ჩემი “წუთიერაც” ადუღდა, წავედი, ყავა უნდა დავლიო.
By The Way
როგორ დავიკლო ისე, რომ ვჭამო? თან გემრიელად ვჭამო?
და კიდევ ერთი მაინტერესებს… რატომ ვუხდი სახელმწიფოს გადასახადებს ჩემი ხელფასიდან?????????? სამაგიეროდ რას ვიღებ?
Posted in მახათი | 6 Comments »
ვისთვის ერთი ჩვეული დღე, ვისთვის დღესასწაული
როგორ შეიძლება გავატაროთ 14 თებერვალი?
არ ხარ შეყვარებული. არ აქცევ ყურადღებას ამ რიცხვის განსაკუთრებულობას კალენდარზე და მიყვები ჩვეულ ცხოვრებისეულ რიტმს. გაქვს მორიგი დღე, რომელიც არაფრით არ დაგამახსოვრებს თავს.
ხარ შეყვარებული, მაგრამ მაინც, რაღაც ზე-პრინციპების გამო არ აქცევ ყურადღებას ამ ყურით მოთრეულ ქალებისათვის გასახარ დღესასწაულს. ქუჩაში ყველა ადამიანს, რომელსაც ყვავილებით, ან თვალებ აბრდღვიალებულს დაინახავ, შერაცხავ, როგორც ზე დაბალ დონეს და გულის სიღრმეში კი შენ თავსაც წარმოიდგენ მათ ადგილას, თან სიამოვნებით.
არ ხარ შეყვარებული, მაგრამ მაინც მოგწონს ეს დღე. მიუხედავად იმისა, რომ სათაყვანებელი ობიექტი ჯერ არ გამოჩენილა შენს ცხოვრებაში, ამ დღეს, სხვა დანარჩენი შეყვარებულებივით, შენც სხვანაირ ჰაერს სუნთქავ. . . ჰაერს, რომელიც გაჟღენთილია მომავალი გაზაფხულის ყვავილების სურნელით, სიყვარულის ელექსირებით და მიუხედავად იმისა, რომ დღეს საჩუქარს ვერავის გაუკეთებ, ბედნიერი წარმოიდგენ მომავალ წელს უკვე თანამგზავრთან ერთად. შენ ბედნიერი ხარ.
შეყვარებული ხარ … უზომოდ. როგორ ელოდი ამ დღეს, რომ კიდევ ერთხელ შენს საყვარელ ადამიანს მიანიჭო ბედნიერება და დატკბე მის სახეზე გამოსახული ღიმილით. აი, შეყვარებულ ადამიანებს არა ნაკლები თავსატეხი გვაქვს ამ განსაკუთრებული დღისათვის. ყველას უჩნდება კითხვა, რა ვაჩუქო? წუხელ მთელი ღამე ვფიქრობდი საჩუქრების ვარიანტებზე. მათ შორის, ფანტაზია არ დავზოგე და ისიც წარმოვიდგინე, ბიჭი რომ ვიყო რა საჩუქარი მესიამოვნებოდა. ვეცდები აქ შემოგთავაზოთ სასურველი საჩუქრების სია. ვიმედოვნებ, დახმარებას გავუწევ ერთ დაბნეულ შეყვარებულს მაინც
1. პარფიუმერია. თითქოს ტრივიალური საჩუქარია, თუმცა დამერწმუნეთ, ყველანაირი გემოვნებისა თუ წარმოდგენების ქალბატონს ასიამოვნებთ პარფიუმერიის ჩუქებით.
თუ სუნამოს გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. შესაძლოა საშუალო სეგმენტის ბრენდი შეარჩიოთ და ბიუჯეტს გაუფრთხილდეთ, მაგრამ ხარისხს ნუ დაივიწყებთ. ბაზრობაზე ნაყიდ ფალსიფიცირებულ შანელის სუნამოს გაცილებით სჯობს სპეციალურ მაღაზიაში ნაყიდი პუმა, ან თუნდაც კრისტინა აგილერას სუნამო.
ძალიან კარგი გადაწყვეტილება მცირე ბიუჯეტის შემთხვევაში

ძალიან კარგი გადაწყვეტილება სავსე ბიუჯეტის შემთხვევაში
დოლჩე და გაბანას პარიფუმირებული წყალი
სისილი

2. ფულფულა საჩუქარი. როცა საკითხი საყვარელი ადამიანისაგან ნაჩუქარ ფუმფულა სათამაშოს ეხება, არასდროს არ ვართ ბავშვობის ასაკიდან გამოსულები. ყველა ქალბატონს გაუხარდება გულისსწორისაგან ნაჩუქარი ქუნქულას გულში ჩახუტება, როცა მოიწყენს, როცა უხარია, ან უბრალოდ.
შეიძინეთ ესეთი ქუნქულა სათამაშო. აპკურეთ თქვენი სუნამო
და თქვენ შეყვარებულს მუდამ გაახსენდებით, როცა კი ჩაიხუტებს გულში.
პირადა მეც სიამოვნებით ჩავიწვენდი ხოლმე ყოველ ღამით ლოგინში ასეთ სიმფუმფულეს
ზომის მიხედვით ფასი მერყეობს 20 ლარი -200 ლარი

შენიშვნა: ნუ იყიდით გრანდიოზული ზომისას. ის მფლობელში იმდენად ნაზ გრძნობებს არ იწვევს და ტყუილად დაიმტვერება სადმე სახლის კუთხეში.
3. სამკაული. ესეც სუნამოსავით არის. ზოგს ჰგონია ზედმეტად ბანალური საჩუქარი, თუმცა არც ერთი შეყვარებული გოგო არ დარჩება გულგრილი ლამაზი ყელსაბამის მიმართ, რომელიც მუდამ გაახსენებს თქვენს თავს
ძალიან კარგი გადაწყვეტილება მცირე ბიუჯეტისშემთხვევაში
პილგრიმის ბიჟუტერია მშვენიერი გადაწყვეტილებაა თუ ჯიბე მსუქნად ვერა გაქვთ
შეყვარებული ქალისათვის მთავარი არა “პრობია” და ღირებულება, არამედ გულით შერჩეული გემოვნებიანი საჩუქარი და ყურადღება.

ძალიან კარგი გადაწყვეტილება სავსე ბიუჯეტის შემთხვევაში
რობერტო ბრავო… ბევრი ქალბატონი ალბათ ოცნებობს ამ უმახლესი ხარისხის, ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს გულსაკიდის ქონაზე,
შენიშვნა: ამხელა თანხის გადახდა არ ღირს, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ თქვენი მეორე ნახევარი კარგად შეაფასებს და დააფასებს ამ უმშვენიერეს საჩუქარს.

4. ყვავილები. თითქმის, ქალბატონთა 90%-ზე მეტს სიამოვნებს ყვავილები და სიხარულს ანიჭებს, მიუხედავად იმისა, ეს ნახსენები აქვთ თუ არა პირად საუბრებში. ეს ყველაზე ხელმისაწვდომი და იოლი საჩუქარია თქვენი მეორე ნახევრისათვის, თუმცა შედეგი იგივე აქვს, რაც ძვირად ღირებულ სხვა საჩუქარს: თქვენი შეყვარებული ბედნიერი გადაგეხვევათ და გაკოცებთ, ყვავილებს კი რუდუნებით მოუვლის სახლში. ალბათ მის გამხმარ ფურცლებსაც შეინახავს სამახსოვროდ და ყოველთვის მოაგონდება მშვენიერი ვალენტინობის დღე, თქვენთან გატარებული.
დამოკიდებულია, როგორც ყვავილის სახეობაზე, ასევე რაოდენობაზე

5. კულტურული საღამო. ხანდახან ბევრ საჩუქარზე უფრო ძვირფასი ლამაზად გატარებული საღამო შეიძლება იყოს. ეს საუკეთესო შესაძლებლობაა თქვენი გულისსწორი დაპატიჟოთ თეატრალურ წარმოდგენაზე ან კინოში, შემდგომ კი სასიამოვნო გარემოში ერთად ისადილოთ. ეს ვარიანტი განსაკუთრებით რეკომენდებულია ახლად დაწყებული ურთიერთობისათვის, როდესაც არ გაქვთ საკმაო თავდაჯერებულობა, რომ საჩუქარი შეურჩიოთ გოგონას, არადა გინდათ რომ ასიმოვნოთ და დიდ ხანს დაამახსოვროთ აღნიშნული დღე. ვფიქრობ სიყვარულის ასახსნელადაც მშვენიერი გარემოა. შთამბეჭდავი თეატრალური წარმოდგენის, ან კინოსეანსის მერე გემრიელად ივახშმებთ მყუდრო, რომანტიულ გარემოში. ვახშამზე სანახაობას განიხილავთ და შთაბეჭდილებებს გაუზიარებთ ერთმანეთ. როცა სახლში მიაცილებთ, თამამად შეგიძლიათ გამოუტყდეთ სიყვარულში და გარწმუნებთ, ეს დღე არასდროს დაავიწყდება თქვენს გულის სწორს


კიდევ ძალიან ბევრი რამის რჩევა შეიძლება, მაგრამ ამ ერთ უსტარში ნამდვილად ვერ ჩავტევ. ვფიქრობ, გარკვეულად, ესეც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაშ. პლიუს მინუს ცოტა თქვენი ფანტაზიაც და რაწმუნებული ვარ მშვენიერ, სამახსოვრო დღეს გაატარებთ საყვარელ ადამიანთან ერთად.
თუ თქვენ ჯერ არ გაგიმხელიათ საკუთარი გრძნობები გახსოვდეთ, 14 თებერვალი საუკეთესო დღეა:
სიყვარულში გამოსატყდომად
ხელის სათხოვნელად
უბრალოდ გრძნობების გასამხელად და სიყვარულზე სასაუბროდ
პირადად ჩემთვის, 14 თებერვალი არასდროს არ ყოფილა ჩვეულებრივი დღე. ყოველთვის რაღაც მოლოდინებით სავსე ვუცქერდი ხოლმე ამ თარიღს კალენდარზე.
რამოდენიმე დღის წინ დავინტერესდი, უფრო კონკრეტულად როგორი დღეა ჩემთვის წმინდა ვალენტინობა, ამისათვის არ დავიზარე, გადმოვალაგე ჩემი დღიურების მდიდარი კოლექცია და დავიწყე 14 თებერვალს გაკეთებული ჩანაწერების კითხვა.
დაახლოებით 18 წლის ნამოღვაწარიდან, მხოლოდ ორ დღიურში აღმოვაჩინე ჩანაწერი. მათ თუ ვენდობით, 1999 წლის ვალენტინობას ”ევრო მიქსში” შევხვდი. იქ გავიცანი ვინმე გიორგი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ლეონარდო დი კაბრიოს და ჭკუაზე არ ვიყავი. ვასკვნი, არაფერი გამოგვივიდა მე და ლეონარდოს, ვინაიდან, რომ არა ეს დღიური, არც კი მახსოვდა მსგავსი რამ. ვიყავით მე, დეა, სალო და სამწუხაროდ ვერ წამოვიდა თამო.
2001 წელს ეს დღე გავატარე ქეთა ემუხვარის, ქოქოსაძის, ლიკას, მისი ორი დაქალისა და ჩემი შეუცვლელი თანამეწყვილე დეა ჩხეიძის საზოგადოებაში. ზედმეტად მთვრალებს, მე და დეას სახლის მაგივრად ვინმე ლუდვიგის სახლში გაგვღვიძებია (მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში, თვალი ავახილე თუ არა დავინახე, როგორ მიმზერდა საცურაო კოსტუმში გამოწყობილი უკმეხი მამაკაცი კედლის სურათიდან). ყოველივე ეგ მახსოვდა
მაგარი დღე იყო….
ბევრი სხვა დღეც იყო, სამწუხაროა, რომ დღიურში ვერ მივაგენი….
დღეისათვის სულ ეს არის…
მომავალ წელს დავწერ რა ვაჩუქოთ ბიჭს
მეორე ნაწილში წაიკითხავთ:
ახალი ჩანაწერი _ ვალენტინობა 2009
Posted in საქალღმერთო | Tagged 14 february, საჩუქარი, სიყვარული, ყვავილები, flower, love, Valentine | 7 Comments »
ე.ი. ამ კერძის მომხმარებელი უნდა ყოფილიყო ბ-ნო კონსტანტინე (უმაღლესი განათლებით), თუმცა ისე არ გამოვიდა, როგორც იყო ჩაფიქრებული. პატივცემული არ მობრძანდა (რის შესახებაც, ჯერ კიდევ ველი ახსნა-განმარტებით ბარათს), სამაგიეროდ სხვა დანარჩენებმა სიამოვნებით მოვილხინეთ. ახლა კი საქმეზე გადავალ.
კერძის მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები:
4-5 თავი საშუალო ზომის ხახვი
1 დიდი ქილა კონსერვირებული ქამა სოკო
4-5 კბილი ნიორი
1/4 კონა კამა
1 კუბიკი გალინა ბლანკა სოკოსი
1 ს.კ. პურის ფქვილი
პატარა ნაჭერი შაშხი (ვიჩინა)
პატარა ნაჭერი შებოლილი ყველი
და რაც მთავარია მაკარონი და საჭმლის ნაღები (სლივკი). სასურველია ესენი:

ქვაბში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. როდესაც ხახვი მორბილდება შევურევთ დაჭრილ სოკოს და ერთად ვაცდით მოთუშვას. როდესაც სოკოც მოიწალება დავამატებთ წვრილად დაჭრილ კამას, შავ პილპილს, მარილს გემოვნებით და დაახლოებით 5 წუთით კიდევ ვაცდით.

ცოტა ხნის შემდეგ დავამატებთ წვრილად დაჭრილ ლორს და მანამ ვშუშავთ, სანამ ლორი არ შეწითლდება.

ამასობაში, დაახლოებით ერთ ჭიქა ნახევარ ანადუღარ წყალში გავხსნათ ერთი სუფრის კოვზი პურის ფქვილი. კარგად მოურიეთ, რომ პურის ”კურკუშელები” არ დაგრჩეთ. ამ ხსნარს ნელ ნელა ჩაამატებთ მოშუშულ მასას და თან ურევთ. დააცადეთ, რომ წამოდუღდეს და მერე ჩაამატებთ დაფშხვნილ გალინა ბლანკას სოკოს კუბიკს და ნაღებს მთლიანად. კარგად ამოურიეთ და აცადეთ წამოდუღება.
მას შემდეგ, რაც ყველაფერი ადუღდება, ჩავამატებთ გაჭყლეტილ ნიორს, გახეხილ შებოლილ სულგუნს, კარგად ამოვურევთ, დავახურავთ ჭურჭელს თავს და სადღაც 5-7 წუთი ნელ ცეცხლზე ვაცდით დუღილს. ამის მერე გადაკეტავთ. სოუსი მზად არის.

მაკარონის მოხარშვა ალბათ ჩემგან არ გესწავლებათ.
ნუ კონკრეტულად ამ მაკარონისათვის ვადუღებთ წყალს, ადუღებულ წყალში ვყრით მარილს (გემოვნებით) და ვათავსებთ მაკარონს. 7 წუთში მზად არის..

Posted in Desperate Housewife | 8 Comments »
მინდა, რომ ჩემი დილა იწყებოდეს ერთი ნაჭერი გახუხული პურით და ფორთოხლის ფრეშით. იწყება სამი ღერი სიგარეტით და შავი ყავით.
მინდა, რომ სამსახურში ხალისით და ენერგიით სავსე მივდიოდე. ისე მივდივარ, გეგონება კისერზე კუბო მქონდეს გამობმული…
მინდა, რომ ჯანმრთელად ვიკვებებოდე. ვგიჟდები მაკ დონალდსზე!
მინდა, რომ ვივარჯიშო. ტრაკი ან სამსაურში მიდევს კომპიუტერთან, ან სახლში. ოდინ ხრენ!
მინდა, რომ იოგას დავეუფლო. ინ მაი დრიმს
მინდა, რომ ვიყო ელასტიური. ოდნავ განზე რომ გავდგა ნაბიჯი, ვიწრო კაბასავით ჩავიხევი მგონია…
მინდა, რომ ვიყო 47 კილო! 54 ვარ :უსერ:
მინდა, რომ საერთოდ დამავიწყდეს, რა არის სიგარეტი. დღეში პაჩკა ნახევარს ვეწევი.. რაც მეტს ვფიქრობ დანებებაზე, მით ვუმატებ ნერვული ნაფაზების რაოდენობას და სიღრმეს..
მინდა, რომ ერთ საათიანი სირბილის მერეც ფილტვი არ გამეგლიჯოს! ბოლოს სოფელში ვირბინე ორდროშობანას რომ ვთამაშობდი, მას მერე ვეღარ ვრისკავ აგერ უკვე 10 წლია მგონი…
…
…
…
ჯანსაღი ცხოვრების წესით მინდა ვიცხოვრო….
პ.ს. ამ პოსტს დღეში სამჯერ დავხედავ ჭამის წინ და ჭამის მერე! დროთა განმავლობაში ჩასწორებებსაც გავუკეთებ, რომ ვნახო, რამდენად შემიძლია, ასეთი ადვილად შესრულებადი სურვილების ოცნების განყოფილებიდან რელობის განყობილებაში გადატანას
Posted in მახათი | 6 Comments »
მთელი ერთი კვირაა, ფოსტის ცხენივით, წრეებს ვარყავ მცხეთას და მის მიმდებარე ტერიტორიას. გააფთრებული ვეძებ ნორმალური პირობების მქონე სახლებს მისაღებ ფასად, რათა დავაბინავო დაახლოებით 70 უცხოელი (ევროკავშირის მონიტორინგიის მისიის წევრები). ყველა ჯიშის და წარმომავლობის სახლი მოვიარე. იყო შემთხვევები, როცა კომუნისტების ერაში ჩარჩენილი ბინა (არადა ევრო რემონტიო და რამე მიმიტყუეს სანახავად) ქირავდებოდა, მაგრამ გახეხილი ყველის კონტეინერივით მოჰყვებოდა ესე 55-60 წლის გაუთხოვარი ქალიშვილი. არანაირი ფასის სანაცვლოდ არ ტოვებდა ბინას, გაქირავება კი უნდოდა…. დღემდე ვერ დავასკვენი საბოლოოდ, ბინის გაქირავებას ლამობდა ის ქალბატონი, თუ…? ალბათ უფრო თუ!
ძალიან მომეწონა ერთი სახლი. ფენშუის პრინციპით არის მოწყობილი. უსაყვარლესია. რა წამს ფეხს შედგამ, გამოსვლა აღარ გინდა; ეგრევე თვალწინ გიდგება შენი ყოველდღიური ყოფა იმ სახლის კედლებს შიგნით და სიამოვნებით მიჰყვები ფიქრთა ქარავანს…
საშინლად არ მომწონს ეს ”ფეშენებლური” სახლები, ეგრევე რომ ეტყობა, პატრონმა აღარ იცის სად შეტენოს თავისი მწვანეები! გარედან შეხედავ, ვითომ მაგარი სახლია, შიგნით შეხვალ და სოფლის სახლში გგონია თავი. არა რა, გემოვნებას ვერანაირ ფასად ვერ იყიდი!
მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა სახლებისა არანაირად არ ჯდებოდა ჩემს ერთობ ”დახვეწილ” გემოვნებაში, ფაქტია, რომ ამ კაი ჰაერზე გაპარპაშებული, მინიმუმ 5 საძინებლიანი (ბასეინებზე და ჯაკუზებზე აღარაფერს ვამბობ) სახლების თვალიერების მერე, არც თუ ისე მიხარია ჩემი სამოთახიანი ბინის სიგარეტით გაჭვარტლული ჩემი საუკუნოვანი მწვანე ოთახი. მაგრამ მე მაინც კარგ ხასიათზე ვარ
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ევას დროინდელი ბინის მწვანე ოთახს, ჩემს ნავსაყუდელს, არ აქვს თავისი სველი წერტილი, წერტილოვანი მასაჟის მცოდნე, მოლაპარაკე და იავნანის დამამღერებელი ჯაკუზით, მის ბინადარ, ანუ მე, მაქვს ის, რაც მათ არ აქვთ
გემოვნება ”დახვეწილი” და ოცნებები….
მეც მექნება სახლი, მაგრამ არა აყლაყუდა. პატარა, მყუდრო და გემოვნებიანი (ისე შეიძლება ფენშუის მეც მივმართო მისი მოწყობის დროს). ჩემი სახლის მთავარი ხიბლი იქნება მისი ეზო და სიყვარული, რომელიც არემარეს გაათბობს და გაანათებს :LOVE: მანამდე კი ესეც მეყოფა საოცნებოდ ….
Posted in საქალღმერთო | 5 Comments »
მეზიზღება გადედაკაცებული მამრების ფენომენი. ეს ისეთი მამაკაცია, რომელიც პრემენსტრუალური სინდრომით ან კლიმაქსური პერიოდით გაალქაჯებული ქალივით იქცევა! ეგეთებთან კამათი ხომ აბსოლუტური ნონსენსია! ელაპარაები ალთას და ის გაკაპასებული გპასუხობს ბალთას. შენ ესაუბრები პოლიტიკურ მოსაზრებებზე და ის კიდევ 40 წლის ”ცხოვრების გასაღებ”უნახავი ქალიშვილივით პირადულ რაღაცეებზე წაკბენით გპასუხობს…. HOW PATHETIC!
აქ ახლა, წესით, უნდა მოვყვე დანარჩენიც, რამაც გამაალქაჯა მეც, არა?
ნურასუკაცრავად! ეგოდენ ვეღარ დავკონკრეტდები :p .. უბრალოდ სადმე უნდა დამეღვარა ეს ჩემი დამოკიდებულება ასეთი კაცების მიმართ.
Posted in მახათი | 6 Comments »
გუშინწინ ღამით დამეწყო ყელის ტკივილი ერთ წერტილში. საშინელებაა! დარწმუნებული ვარ ყველას გექნებათ გამოცდილი. ჯერ ერთ წერტილში გგონია, რომ ხიშტი გაქვს გარჭობილი, ნერწყვის გადაყლაპვას ისე ერიდები, რომ ბოლოს დორბლი მოგდის… მერე მეორე ნახევარზე გადამივიდა.. მთელი ღამე არ დამაძინა. დავითვალე და მგონი სულ სამჯერ გადავყლაპე ნერწყვი. დილით საერთოდ კატასტროფა იყო. მთელი დღე არ ვლაპარაკობდი. მერე ბებომ გამიკეთა ”ბებოს ელექსირი”, რომელიც ვივლე ყელში და მიშველა. დღეს კი, მესამე დღეს ახალი სატანჯველი შემომემატა. შინაგანი ფხანა მაწუხებს. ე.ი. ყურებიდან დაწყებული კუჭის თავით დამთავრებული შიგნიდან ყველაფერი მექავება! რა არ ვიღონე, ყურის ჯოხები მაქვს გარჭობილი და ინტენსიურად ვატრიალებ (ცოოოტათი მშველის) და ენა ძირიდან ამოვიგდე იმდენს ვიტრიალებ ყელში… ერთი პირობა გადავწყვიტე კბილის ჯაგრისიც მიმეშველებინა, მაგრამ ისეთი ვითხარე ყელში რომ კინაღამ გული ამერია და გადავიფიქრე… ცოტაც და სულ გადავირევი! აღარ მინდა ყელი, ენა, ცხვირი და ყური! გაუმარჯოს თავისუფლებას და უყელფხანობას!
Posted in მახათი | 6 Comments »
არსებული დროის მონაცემებით, 14 წლის ასაკიდან მოყოლებული, მყავდა 1,2,3,4… N შეყვარებული (ვგულისხმობ ”ორმხრივ სიყვარულს”, პლატონური იდიოტიზმის ბაღის ასაკიდანვე არ მწამდა). მათგან, შედარებით სერიოზული ურთიერთობა მაკავშირებდა ორთან: ერთ-ერთი მეგონა ჩემი ქმარი იქნებოდა, მეორე კი თითქმის იყო (არ ვიცი აბა მასთან ერთ თვიან ვაი-თანაცხოვრებას რა დავარქვა). ყველა ჩემი ”კავშირები” გარკვეულწილად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, საოცარი გამოცდილება დავაგროვე, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ჩემი პირველი კოცნა თარიღდება 2008 წლის 17 მაისით.
ეს არ იყო პეტერბურგში… უცნაური ამინდი იყო, დილიდან ცდილობდა, მადლიანი, მაგრამ ვერა და ვერ გამოიმეტა ერთი წვეთი წვიმაც. აბანოთ უბანში შევხვდით. მანქანა ქვევით დავტოვეთ და აღმართს ხელჩაკიდებულები ავუყევით. უკვე მერამდენე დღე, საათი და წუთი იყო გასული ჩვენი გაცნობიდან.. მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც თავი ქალად აღვიქვი, მე მას ვიცნობდი. ჯერ ჩემს სიზმრებში მოდიოდა ხოლმე
თეთრი რაშით არა, მაგრამ მაინც პრინცი იყო.. ცოტა მოზრდილობაში უკვე დღის სიზმრებს სტუმრობდა, ანუ ის იყო ჩემი გამოგონილი მამაკაცი, რომლის შექმნასაც ვცდილობდი ყველა მამრში, თუ კი ვინმე გადამყრია.. მოკლედ დავუბრუნდები ისევ 17-ს. ჩემს საყვარელ ადგილას მივიყვანე, ნარიყალის გალავანზე, ზიხარ წარსულის მუხტით გაჟღენთილ ქვაზე და წინ შენი საყვარელი ქალაქი სულ სხვა ფერებში იშლება. სულ მგონია, მაგ ადგილიდან ხელს რომ გაიწვდი, ნებისმიერ სახლს ”მოწყვიტავ”, როგორც სასურველ ვარსკვლავს, ღამის ქალაქიდან. ვისხედით, ლუდს მივირთმევდით და მიყვებოდა ათას საინტერესო ისტორიას. ძალიან მიყვარს მისი მოსმენა, რაღაც მედიტაციური ხმის ტემბრი აქვს ჩემთვის
… ის ლაპარაკობდა, მე ხან ვუსმენდი, ხან ვერეოდი მის საუბარში, მაგრამ ვიცი, მეც და ისიც სულ სხვა რამეზე ვფიქრობდით
(ახლაც მეღიმება). მერე ზუსტად ისე იყო, თინეიჯერებზე გათვლილ რომანტიულ მელოდრამებში რომ არის … ლაპარაკ-ლაპარაკში ჩვენი სახეები დაახლოვდა.. მისი სუნთქვის თბილ სიმძიმეს ჩემს ლოყასთან ვგრძნობდი.. მერე ტუჩები საამურად გათბა.. მერე მადლიანად გაწვიმდა და მეგონა, წვეთები ჩემს ლოყებზე ორთქლდებოდა. ეს ჩემი პირველი კოცნა იყო. მივხვდი, რომ მანამდე არავინ და არაფერი არსებობდა. . . ახლაც ყველაფერი ასეა ჩემს ცხოვრებაში, ყოველი მოვლენა და ყველა დღე პირველია და განუმეორებელი
ჰეჰე.. პირველი სექსიც გამახსენდა, მაგრამ ის რომანტიულ ჟანრზე მეტად სათავგადასავლო კომედიას შეესაბამება
სხვა დროს იყოს…
პ.ს. ძალიან მიყვარხარ!
Posted in საქალღმერთო | 10 Comments »
ახლაც ყურში მიწუის… სულ ტირის, ან მაინც და მაინც დღეს მოუნდა, მე რომ ვიყავი მისული. მოკლედ, ჩემი დაქალი ძალიან დიდი ხანია აღარ მინახავს. გავუარე ერთ კიდევ უფრო მივიწყებულს და ერთად წავედით მესამე ნახევრის სანახავად. ჩემი თიკა ძალიან სახასიათო ადამიანია, შეუძლებელია არ გიყვარდეს, იმდენად თბილი, გახსნილი და აი რაღაცნაირია რა.. გულუბრყვილო, საყვარლად გულუბრყვილო. მთელი სტუდენტობა ჩვენ სამს ერთად გვაქვს გატარებული. რა არ გადაგვხდენია, სად არ ვყოფილვართ… ტუალეტის ქაღალდიც კი ერთად გაგვიკიდია გარეთ გასაშრობად… რაც მთავარია, ასე ვთქვათ, გამოსულ გოგოებად ვითვლებოდით, ანუ არ ვიკლებდით არც ერთ კლუბს თუ ”ფეშენ ფართის”… რომ გეკითხათ, კოკო შანელს ვფსავდით.. ჩვენს შორის უფეშენებლურესი მაინც მესამე იყო, ვისთანაც დღეს მივედით.. მაგრამ სადღაა შენი 27 საუკუნის, მომავლის ქალი? ერთ დროს ანჟელინა ჟოლის რომ თვალებს უბნელებდა დღეს დამხვდა გაურკვეველი წარმომავლობის ფერის თმით, ასევე გაურკვეველი წარმომავლობის ზმანზე, ძირს ბავშვი დახოხავდა და თუ კავკაზუსის შნურს წაართმევდი ღნაოდა, არ წაართმევდი და ვაი და გადაეღრღნა.. ასეთ გარემოში გავატარე რამოდენიმე საათი. ახლა კი ვზივარ და ვფიქრობ, ეგ არის Being a wife????
ისედაც სერიოზული სქესობრივი კრიზისი მაქვს, კაცივით მეშინია სიტყვის ”ცოლი”, ამ დღის მერე კი….
ვსიო, ხვალ შემოვივლი ჩემს ორ სხვა დაქალს… ისინიც გათხოვილები არიან, იმათაც ბავშვები ყავთ, მაგრამ თმაც ნორმალური აქვთ და ბავშვებიც ჭიპლარის გახსნამდე არ ტირიან.
პ.ს. თი… ძალიან ძალიან მიყვარხარ
ესეც სიყვარულით სავსეა, რასაც ვწერ. მე ისევ ისეთი მინდა იყო, ყველა რომ შეგნატრიდა, სუპერ ქალი მინდა იყო ისევ! ვის არ ყოლია ბოვში და ვის არ ქონია ის კიდე… უჰ.
Posted in Desperate Housewife | 6 Comments »
მოკლედ, ზედმეტი მიდებ მოდების გარეშე დავწერ ჩემი 30 წუთიანი ”ხზ”-ს მომზადების საიდუმლოებას.
საჭირო ინგრედიენტები:
ქათმის ფილე, კონსერვირებული ქამა სოკო, სულგუნი, არაჟანი, მაიონეზი, ცოცხალი კიტრი, ჩვეულებრივი ხახვი, მწვანე ხახვი, ნიორი, კამა, პილპილი, მარილი.
მომზადების წესი:
ქათმის ფილეს ვჭრით პატარა კუბიკებად, ვამარილ-ვაპილპიებთ, ვათავსებთ თუჯის ჭურჭელში, დავამატებთ ძაააააალიან ცოტა ზეთს და შემოვდგამთ საშუალო ცეცლზე თავდახურულ მდგომარეობაში. ის გაიკეთებს თავისებურ წვენს და ჩარბილდება.
მანამ, სანამ ფილე რბილდება და გემრიელდება მივხედოთ დანარჩენს. პატარად დაჭრილი სოკო მოვთუშოთ ხახვთან ერთად, ბოლოს შევურევთ დაჭყლეტილ ორ-სამ კბილ ნიორსა და ცოტა კამას.
ამასობაში ქათმის ფილე უკვე შერბილებული იქნება. გადავხადოთ თავი, რომ წვენი ოდნავ მოშრეს და შემდეგ დავუმატოთ რამოდენიმე (2.5-3) სუფრის კოვზი არაჟანი, გადავურიოთ და თავდახურული ნელ ცეცხლზე ვამყოფოთ სადღაც 5-7 წუთი.
შემდეგ მოვხდით თავს, ჩაშუშულ სოკოს ერთ ფენად მოვაყრით, შემდეგ მოვაყრით წვრილად დაჭრილ კიტრს, ხახვს, თავზე გადავუსმევთ მაიონეზს ისე, რომ გარკვეულწილად დაიფაროს.
ამის შემდეგ თავზე მოვაყრით ბლომად გახეხილ სულგუნს ისე, რომ სულ დაიფაროს ქვედა ინგრედიენტები. სილამაზისთვის ცოტა შემორჩენილ მწვანე ხახვსაც მოვაფჭხვნით, დავახურავთ თავს და დავტოვებთ ნელ ცეცხლზე სადღაც 10 წუთით.
ამის შემდგომ გამოვრთავთ. კარგი იქნება თუ გამზადებული გაქვს ბრინჯი, რომ მასთან ერთად მიირთვა. მნიამ. მე მომწონს და სიამოვნებითაც გეახელით, სულ რაღაც ამ პოსტის გაკეთებამდე ერთი წუთით ადრე
Posted in Desperate Housewife | Leave a Comment »