Feeds:
Posts
Comments

ეს ჩემი ბოლო პოსტია ამ ბლოგზე. ცოტა ხანში ყველაფერს ვშლი და ვაუქმებ.

დღეს ძალიან ცუდი დღე მაქვს. მორალურად გავნადგურდი. ცოტა ჩემი ბრალია. მგონი, დიდი ხნის წინ უნდა გამოვსულიყავი გულუბრყვილობის ეპოქიდან ამხელა ფილარმონია ქალი.

რა ხდება?

ალბათ, ჩემს მცირერიცხოვან მკითხველს ემახსოვრება ჩემი პოსტი BUSTED! რამოდენიმე დაინტერესდა კიდეც, როგორ განვითარდა მოვლენებიო.

დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები, უბრალოდ, არსებობენ ან ა)ბოროტი ადამიანები, ან ბ) ადამიანები, რომელთაც IQ კოეფიციენტი სამწუხაროდ არ ჰყოფნით, რომ განსაზღვრონ, სად, როდის და რა იტლიკინონ.

ჩემი შეცდომა იყო, რომ გულუბრყვილოდ ვწერე საკუთარ სამყაროსა და საკუთარ გრძნობებზე, საკუთარ ისტორიებზე… მავანნი კი, ჩემს საწინააღმდეგოდ იყენებდნენ ჩემს ნაწერებს. ასეთ რამეს ძალიან არ ველოდი. არც იმას ველოდი, რომ ასე უზომოდ განვიცდიდი ამ ფაქტს, ასე მეწყინებოდა, კიდევ მერამდენედ ადამიანის სიმდაბლის დანახვა.

ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით იმ რამოდენიმეს, ვინც, ალბათ, ინტერესით კითხულობდით ხოლმე ჩემს ბლოგს. მე მას ვეღარ გავაგრძელებ.

სხვა დროს და სხვა სივრცეში მე აუცილებლად მექნება ბლოგი, მხოლოდ, მარტო მე მეცოდინება, რომ მისი ავტორი ვარ. სხვაგვარად, ძალიან გულაცრუებული ვარ ადამიანებზე.

მშვიდობით.

ალბათ, ჩემი პოსტი არც პირველი და არც უკანასკნელი იქნება ამ პროექტის ამ კონკრეტული გამოშვების შესახებ, თუმცა, ხელს არ ჩავიქნევ და მაინც დავაფიქსირებ ჩემს დამოკიდებულებას.

პროექტი ნიჭიერი ძალიან ძალიან მომწონს. სიამოვნებით ვადევნებ თვალყურს და განსაკუთრებით მახალისებს მემანიშვილის გაოგნებული, ყბადავარდნილი სიფათები, როცა ვერ იგებს, რა უნდა, ან რას ითხოვს გამომსვლელი (როგორც დღევანდელი ლეჩხუმელების ამოუცნობი ონტოლოგიის სიმღერის მსვლელობისას ქონდა). არ შემიძლია ჩემი განსაკუთრებული სიყვარული და სითბო არ გამოვხატო მშვენიერი წამყვანებისადმი, მათზე უკეთესს ვერავის შეარჩევდნენ!

ეს სატელევიზიო შოუ ჩემს მოწონებას ტექნიკური გამართულობითაც იმსახურებს. ასევე, ძალიან კარგად არის დაგეგმილი მარკეტინგიც, მედია მხარდაჭერაც და ასე შემდეგ, თუმცა, ჩემის მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა, აკლია წინასწარ დასახული მიზანი.

რას ვგულისხმობ ამაში: რასაც ვუყურე, ტენდენცია არის, რომ ვინც ოდნავ კარგად იმღერებს გადადის შემდეგ ტურში, ან ვინც კარგად იცეკვებს… არა, ცეკვა სიმღერას და ტაშფანდურას რა ჯობია, მაგრამ, სპორტულ ცეკვებს თუ ვინმე კარგად ცეკვავს, ამაში მე განსაკუთრებულ ნიჭს მხოლოდ მაშინ დავინახავ, როცა რაიმე სერიოზულ შეჯიბრებას მოიგებს თავის სფეროში და არა პრაფანებს მოაწონებს თავს ტრაკის ქნევით, მაშინ, როცა ნაკლები აღფრთოვანებით ხვდებიან მართლა ნიჭიერ ბიძერს, რომელსაც ფეხებით კბილების გამოხეხვა შეუძლია (აი აქ მართლა შემშურდა, რამდენჯერ მინატრია, თან ლაკის წასმა შემეძლოს ხელებზე და თან პოსტვათქო.. აქ ნამდვილად წამეხმარებოდა მსგავსი ნიჭიერი ფეხები).

მოკლედ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს სათქმელი, კიდევ უფრო კარგი იქნება და მეტ პატივს ვცემ ამ პროექტს, თუ ორიენტირს განსაკუთრებულ ნიჭზე აიღებენ და არა ქართული რეალობისათვის ისეთ ბანალურ ნიჭზე, როგორიც არის ქალაქური სიმღერები, თორემ, ბოლო ტური დიდი შანსია ვერ განვასხვავოთ ჯეოსტარისგან..

წავედი ეხლა მე..

ძალიან ნუ დამძრახავთ ამ პოსტისათვის.

პ.ს. ამირან მამულაშვილი რა კაციაააა :) ცაკალელი.

პ.პ.ს. შემოვდივარ ინიციატივით, დღესვე, უპირობო გამარჯვებულად გამოცხადდეს ამ პროექტში ვანიკოოოოოოოოოოო

8:00 საათი

დილით ჩემმა გამაღვიძა.

- კარები დაკეტე, მივდივარ.. როგორ არ მინდა შენი დატოვება, რაღაც ცუდი სიზმარი ვნახე, მიწისძვრა იყო და ძაღლები ყმუოდნენ.

ძლივს ავეწეპე ლოგინიდან და ძილბურანში გავაცილე მივლინებაში 2 დღით. თბილ ლოგინში რომ შევძვერი უკან, ბუნდოვნად მახსოვს, მიწისძვრის იდეა და მარტო სახლში ყოფნა არ მხიბლავდა, მაგრამ თბილი საბნის სიტკბომ თავისი ქნა და უდარდელად განვაგრძე ძილი.

13:30 საათი

GTC-ის სავაჭრო ცენტრიდან ჩამოვდიოდი კიბეზე. მაღლებზე მეცვა. კიბეები თოვლჭყაპიანყინულიანი იყო. ხელებში ბეეეევრი რამე მეჭირა. ამიცდა ფეხი, თან ძალიან ცუდად ამიცდა. ჰაერში საოცარი მატრიცა ჩავატარე და რაღაც სასწაულებრივად ისევ ჩემს ბედნიერ ორ ფეხზე დავხტი. აი მაგ დროს ვიწამე მფარველი ანგელოზის არსებობა.

17:30 საათი

სახლში ვიყავი. სამზარეულოში. გაზქურა წყლის ნიჭარასთან დგას ახლოს. რაღაცა ამოვრეცხე უცებ, ცალი ხელი ხის კარადებზე მედო, ნახევარი ტანით მივტრიალდი გაზქურისკენ და ხელი მოვკიდე გრძელტარიან პატარა ქვაბს და ბზზზზზ, დენმა დამარტყა და ისეთი გამაბარძგალა რომ კინაღამ PM წავიღე გაღმა. საშნელება იყო. ვიგრძენი როგორ გადიოდა ძაბვა ჩემში, არასასიამო შეგრძნება იყო და ამავე დროს ვერ აღვიქვამდი რა მჭირდა. ბუნდოვანებიდან გამომაფხიზლა ჩემმა განწირულმა კივილმა და ნელ-ნელა, ძაალიან ნელა მივხვდი, რა მოხდა.

22:50 საათი

სანამ ავატარის მეორედ სანახავად შევვარდებოდი კინოში და სანამ თიკა მოვიდოდა, მეთქი, მთელი დღეა არ მიჭამია და პოპკორნი რას მიშველის, მოდი ელვისას შევუსეირნებ, უცებ რამეს შევჭამთქო. მთეეელი ფილარმონიის მისასვლელი მოყინული იყო. ისეთი დამფრთხალი მივჩოჩიალობდი, რომ ლამის ფეხსაცმლიდან ფრჩხილები გადმოვარჩე ყინულზე, უკეთ მოსაჭიდებლად. მშვიდობით მივედი დანიშნულების ადგილამდე, გავიმართე წელში და თამამად, მოხდენილად დავიწყე ნაბიჯის გადადგმა და ჰოპა… ისეთი ილეთი მოვხაზე ჰაერში, სანამ ტვინს გრანიტის იატაკზე გავასხამდი, რომ ელვის პრისლის შეშურდებოდა. სანამ ცოცხალი დავენარცხებოდი, ჰაერშივე ამიტანა შიშმა, ვაითუ მაქქვინს მივუწექი გვერდზე (ფილარმონიის დარბაზში თვითმკვლელი მაქქვინის პანაშვიდი “გუდბაი ფართი” იყო გაჩაღებული), ნეტა გუდუ მეც ისე თუ დამიტირებს, რავარც მაქქვინი გამოიტირათქო..

აქ ვერ გადავრჩი. ორი დღე ვკოჭლობდი და მარცენა ხელს საჭეზე ვერ ვხმარობდი.

შემდეგზე, კაცების წინათგრძნობასაც ვენდობი და როცა ლოგინიდან გადმოვალ ათჯერ დავფიქრდები, მარცხენა ფეხს ვდგამ პირველად, თუ მარჯვენას.

AVATAR!!!

ერთი მეორეზე უფრო სწრაფად ჩნდება ბლოგოსფეროში პოსტები ავატართან დაკავშირებით. არც ფეისბუქი ჩამორჩება. თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო და აგერ მეც ვწერ.

დავიწყებ ყველაზე მთავარით! მე ავატარი ჯერ ვერ მინახავს! დღეს საათნახევრიან უსაქციელო რიგში ვიდექი, რომ 5 თებერვლის, პარასკევის ბილეთები ამეღო.

ეგეთ რიგში მხოლოდ ორ ადგილას ვმდგავარ, იურულ პერიოდში ტალონებზე გაცემული პურის რიგში (ისე, ის რიგი შედარებით კიდევ ცივილური იყო) და ბარამის რიგში.

ჩემს წინ

გაჭედილი ცოლ-ქმარი, რომელიც შემებრ საათზე მეტ ხანს იდგნენ რიგში, თუმცა, როცა ყიდვამ მოუწიათ აღმოჩნდა, რომ ეგრეც ვერ მოეფიქრებინათ, რომელ დღეს და რომელ საათზე სურდათ ბილეთები.

ჩემს უკან

ქალი: ამ კაცმა ოჯახის შექმნაზეც ამდენი ხანი იფიქრა ნეტა? (ბრბომ ეგრევე აღფრთოვანებით აიტაცა გონებამახვილი ქალის ფრაზა)

საინტერესო თინეიჯერული “შაიკა”:

- ბიჭო, დღეს მგონი არ არის პრასვეტი და დავაი სკოლას დავადოთ ხვალ, შეჩემა.

- არა ტოოოო! ხო არ გაგიჟდი, ვერიკო უნდა ვნახო!

- ეეე ვერიკოოო, ვერიკოოო…. ბიჭო, ვაფშე გესალმება??

- კი ტო, იმ დღეს გამიცინა. აუ იმ დღეს იმ ტიპს (სავარაუდოდ ვერიკოს ამბავია) იმენა ქურდული ბაზარი შევუსრულე, ჩემი დედა..

- ნუ გაატრაკე…

- ხო…

и тому подобное…

ამ დროს ჩემი ნანატრი რიგიც მოვიდა, სასწრაფოდ ავიღე ბილეთები და წამოვედი… თან ვფიქრობდი, როდის ვეღირსებით ნამდვილი ევროპული რიგის კულტურას, აი, იმ ლამაზი ევროპული რიგის კულტურას ლამაზად ჩაწიკწიკებული ერთზოლიანი მწკრივი რომ არის და ყველამ იცის, ვინ ვის წინ დგას და “გაიწიე გამატარე შენი კუბო დავდგი” არ ხდება.

ეს კი, ძველი, ყველასათვის ნაცნობი ფლეშ ვიდეო განწყობისათვის… იტალიის მაგივრად, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ – საქართველოს.

სამი თვეა გათხოვილი ვარ. სანამ ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯს გადავდგამდი, სრულ პანიკას ვყავდი მოცული. ერთ პერიოდი საკუთარ ფემინურობაშიც კი შემეპარა ეჭვი (ქალებს, წესით, ხომ უნდათ გათხოვება), კაცივით მეშინოდა ქორწილის და მის შემდგომი ცვლილებების. ხან ფორუმზე ვეძებდი პასუხს ქორწინების შემდგომ ცხოვრებასთან დაკავშირებით… ხან ახლობლებში.

დღეს გამიჩნდა იდეა, რომ ძალიან ლაკონურად ჩამოვაყალიბო ყველა ის არსებითი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში, რაც მოყვა ქორწინებას. ვფიქრობ, ჩემნაირებს გარკვეულწილად დაუკმაყოფილებს პრეგათხოვებისეულ ცნობისმოყვარეობას.

სიმარტივისათვის, განვიხილოთ ერთდღიანი ცხოვრების ფორმატით:

BEFORE, ანუ ქორწინებამდე…

8:00 – რეკავს მაღვიძარა. აჭერ სნუზს. 5 წუთში კიდევ აჭერ სნუზს. 10 წუთში აჭერ Off-ს.

8:30 – შემოდის ოჯახის წევრი და გაღვიძებს.

8:35 – აბაზანა. მაკიაჟი და ა.შ. ტრამპაცუმპა

8:40 – დასხმულ ყავას დალევ, თუ ხასიათზე ხარ რამესაც მიატან (რა თქმა უნდა გაწყობილი გხვდება… ასარჩევად)

9:00 – სამსახურში ხარ.

9:00 – 17:30 მუშაობა, ყავა, ჭორაობა, მუშაობა,ლანჩი, ჭორაობა, მუშაობა, სიგარეტი, ყავა, ჭორაობა, მუშაობა.

17:30 – მიდიხარ სახლში. გზიდან რეკავ და ატყობინებ, რომ მგელივით გშია.

18:00 –  მაგიდაზე გხვდება სადილი – სადილობ. თუ არ დაგხვდა, სრული უფლება გაქვს, თავზე დაიმხო მთელი სახლი მშიერი ღრიალით.

18:30 – ან კომპიუტერი, ან ტელევიზორი, ან მეგობრებთან (შეყვარებული) ერთად გარეთ გასვლა (ბარი, კინო, კლუბი, თეატრი… ეთსეთერა). თუ კომპიუტერში შემძვრალი ხარ, მოგვიანებით ბებო ცხელ ხაჭაპურს და ჩაის ოთახში შემოგიტანს და ფორუმიდან თვალმოუწყვეტლად შეგიძლია მიირთვა.

12:00 – რთავ საყვარელი სერიალის რამოდენიმე სერიას გომპლეერში, აყენებ ყველა ფაილის დამთავრების მერე კომპის გამორთვაზე და იძინებ :)

ბონუსი:

– სარეცხს ვინ რეცხავს არც იცი, არც გაინტერესებს…

– საჭმელი როგორ მზადდება რა მნიშვნელობა აქვს, ეზ ლონგ ეზ ის იქნება, რაც შენ გინდა.

– შეგიძლია მეთლი შენი ხელფასი ონლაინ შოპინგზე დახარჯო.

- ვინც არ უნდა შეგხვდეს, გამარჯობის მერე თუ არა, მესამე წინადადებად მაინც გეკითხება, როდის თხოვდები, რას ელოდები ამდენ ხანს.

- მუდმივი მონატრების განცდა და აუარებელი მესიჯები, ხანდახან მთელი ღამითაც..

AFTER ანუ მუნ ქორწინებული

7:00 – მაღვიძარა. 5 წუთში სნუზი. 10 წუთში სნუზი.

7:15 – წამოხტომა და მძინარე მდგომარეობაში სასწრაფო წესით მთელი 4 ოთახის შემორბენა საცვლის ამარა ძაღლის ფეკალიების ძიებაში (ჰუჰ… აღარ შვრება უკვე..)

7:20 – იცმევ, ძაღლს დააპურებ… პარალელურ რეჟიმში: კოტე ადე, კოტე ძლივს არ მოუფსავს ამ დალოცვილს, შეიკავა, გამწვანებულია ისე უნდა… ადე, ჩაიყვანე.

7:30 – ამზადებ საუზმეს ნა დვოიხ (პრინციპში ნა ტროიხ გამოვიდა რეის ჩათვლით). საუზმობთ, ალაგებ მაგიდას, თან სიგარეტი კბილებით გიჭირავს პირში… დაჯდე და გააბოლო გემრიელად, სად არის…

8:15 – აბაზანის ტუალეტის სარკეში ცალი თვალით შეხედავ შენს თავს, თმას დაივარცხნი, აიღებ პალტოს და თავქუდმოგლეჯილი გარბიხარ სამსახურში.

9:00 – 17:30 –  მუშაობა, ყავა, ჭორაობა, მუშაობა,ლანჩი, ჭორაობა, მუშაობა, სიგარეტი, ყავა, ჭორაობა, მუშაობა.

18:00 – სახლში მისვლისთანავე ისევ ჩამოუქროლებ ოთხივე ოთახს იგივე მიზეზით და კმაყოფილი (აღარ შვრება სახლში) უკეთებ თოკს ძაღლს და მიდიხართ ეზოში.

18:20 – ამოდიხართ სახლში. თუ წინა დღეს გააცდინე, დღეს მოგიწევს სახლის გამოხვეტა, მოწმენდა (ეს ყველაფერი ხდება უცებ, სუპერ სისწრაფით, მაქს 15 წუთი).

18:35 – ამზადებ სადილს… ინგრედიენტებზე ინერწყვები დამშეული. გააწყობ მაგიდას და ეძახი ტელევიზორთან წამოკოტრიალებულს.

18:45 – ალაგებ მაგიდას, რეცხავ ჭურჭელს, რეცხავ ქვაბებს, ტაფებს.. ხვეტ და წმენდ სამზარეულოს და ჯდები ტელევიზორთან, თან მეუღლის ნაჩუქარ ლაპტოპში ხარ შემძვრალი.

21:00 – აჭმევ ძაღლს. ჩაგყავს ეზოში ამჯერად ნახევარი საათით (კუკებიც უნდა ქნას და ირბინოს).

21:30 – სარეცხი, თუ დასარეცხია…

22:00 – აკეთებ ჩაის და ერთად უყურებთ ტელიკს, ან ცალცალკე ხართ კომპიუტერში შემძვრალები… შენ გესმის მისი თამაშების ახტუნგ ახტუნგ და მსგავსი გაურკვევლი წარმომავლობის შეძახილები.

24:00 – ლოგინამდე მილასლასება… ტელევიზორი, სექსი, სიყვარული… ძილი…

ბონუსი:

– ბედნიერი დღეები, როცა მეუღლე ზრუნავს შენზე. გახვედრებს სადილს, დალაგებულ სახლს და ისეთ სასიამოვნო სიურპრიზებს, როგორიც არის ლეპტოპი :)

– ბეეეევრი ბეეევრი სიყვარულები, სექსები და სითბო. ღამე საყვარელ ადამიანთან ერთად გახლართული ძილი.

–  შენი ხელფასი უნდა აკონტროლო… ონალინ შოპინგში 50%-ზე მეტს ვეღარ ხარჯავ… თურმე არსებობს თელასი, ყაზტრანსგაზი და ა.შ. მსგავსი დებილი კომპანიები… და ეს სარეცხი ჟელეც რა მალე თავდება თურმე..

- ვინც არ უნდა შეგხვდეს, გამარჯობის მერე თუ არა, მესამე წინადადებაში აუცილებლად გკითხავს, ორსულად ხომ არ ხარ, ან თუ არ ხარ, რატომ არ ხარ და როდის აპირებ :vis:

და ყველაზე მთავარი: უზომოდ ბედნიერი ხარ საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრებით და იმ სასიამოვნო ცხოვრებისეული თამაშით, რომელსაც ერთმანეთს სიყვარული და ერთმანეთზე ზრუნვა ქვია.

ხო… ესეც ფოტოები .. განწყობისთვის..

პ.ს. გთხოვთ, ისიც გაითვალისწინოთ, რომ ეს არის მშრალი ფაქტები ერთი უბრალო დღის… ცხოვრება გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და სავსეა ემოციებით… სიხარულით, ბედნიერებითა და სიყვარულით..

როცა წინა საღამოს გკითხავენ:
- კვერცხი გიყვარს? დილას გესიამოვნება მოხარშული საუზმეზე?
და შენ გაგიხარდება და დათანხმდები; როცა უთენია, იმისათვის, რომ მეტად გასიამოვნონ, მთელი სულითა და გულით მოგიმზადებენ საუზმეს:
ტოსტერში გახუხულ თბილ პურზე წასმული ცოტაოდენი მაიონეზი, შაშხის თხელი ანათალი, სიფრიფანად ათლილი პიკული, მრგვალად დაჭრილი კვერცხი და ზევიდან სენდვიჩის ყველი…
არ უნდა შეხედო ამ ტოსტს ისეთი სახით, თითქოს მოხრაკული ვირთხა დაგიგდეს მაგიდაზე და იკითხო: ეს რა არის!
არ მოგწონს ყველი? ძალიან მარტივია! გადადე გვერდზე და ისე მიირთვი მთელი სულითა და გულით მომზადებული საუზმე!

ასეთი მოქცევით არავინ დაზარალდება! პლიუს, სამომავლოდ თქვენი შანსები არ შემცირდება, რომ უსაუზმოდ და საერთოდ, უჭმელად დარჩეთ!

Ray Gordon is BACK

მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მყოლოდა საკუთარი ოთხფეხა მეგობარი. ჩემი მშობლები, ისევე, როგორც უმრავლესი თქვენგანის ცხოვრებაში, არ მაძლევდნენ ამის უფლებას, რაც იმით მთავრდებოდა, რომ ერთ 9 თაობა ძუკნის ძაღლებსა და უპატრონო კატებს აქვთ გამოზამთრებული ჩემს სახლში.

ჩემი დილემის ამონახსენი, თუ როგორ ვიყოლიო ძაღლი ისე, რომ ვერ გამიგდონ და ვერ გამიჩუქონ მაშინ ამოიხსნა, როცა მე და კოტეს უკვე განვითარებული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

ჩემს ოჯახს (კონკრეტულად ბებიაჩემს, ამ შემთხვევაში),  ბუნებრივია გაღმერთებული ჰყავდა კოტე, რომელმაც ჩემს ტანჯულ ცხოვრებაში სიმშვიდე და სიყვარული შემოიტანა… შესაბამისად, მეც არ დავაყოვნე და, ასე ვთქვათ, ბოროტად ვისარგებლე შემთხვევით და კოტესთან ავწუწუნდი ჩემს ოცნებაზე, მყოლოდა შავი ძაღლი… შეყვარებულ კოტესაც ერთი თვეც კი არ დასჭირდა, რომ მოეძებნა საუკეთესო მონაცემების ჯიშიანი შავი ლაბრადორი… მაჩუქა ჩემი ცხოვრება… სახლში კი, კოტეს საჩუქარი ხელშეუხებლობის იმუნიტეტით იყო დაცული.

როცა გავთხოვდი, თან წავიყვანე კოტეს მშობლების სახლში (კერძო სახლი ეზოთი). ახლა ცალკე ვართ. ეს დღეები სულ გულისამაჩუყებელ პოსტებს ვკრავდი თვალს…  იქ ჰერმიონა ლეტის შესახებ... იქ დოლორესის პოსტი და ერთი თვის შემდეგ, როგორც იქნა, მოვაბი თავი და წამოვიყვანე ჩემთან.

სიტყვებში, სამწუხაროდ, ვერ ვატევ იმ განცდას, რაც არის ძაღლის სიყვარული.

პირველი ორი თვე, როცა რეი ჩემთან გადმოვიდა გავიზიარე, თუ რას ნიშნავს დედობა. ღამეში მინიმუმ სამჯერ ვდგებოდი, რომ მივფერებოდი, მეთამაშა, მიფსმულ-მიჯმული იატაკი პრონტოთი მომერეცხა და თან მთელი დღე სამსახურში ვიყავი.

ახლა უკვე ვირია… მოფერებით ღორძაღლს ვეძახით ჩემს რვა თვის შავ ლაქას… იმიტომ რომ ღორივით, ყველაფრის ნარჩენს იპარავს და ჭამს… ხახვსაც კი..

იქ სადაც სიტყვები ზედმეტია… ორიოდე სურათს გაგიზიარებთ, რომ უკეთ გაიცნოთ, რა კარგი ტიპია რეი (პასპორტით გორდონი)

ეს წამოყვანის დღეს გადაღებული სურათი.. აქ ერთი თვის არის მგონი (9 ივნისს დაიბადა). იმდენად შავია, რომ ღამით მართლა არ ჩანს… ყვეელაფერი შავი აქვს.

აი ესეთ ერთი შავი ქულა წიწილივით იყო თავიდან.. ყველგან ფსავდა ყოველ 20 წუთში ერთხელ.. (3 თვემდე ლეკვებს მაინც და მაინც არ აქვთ შეგნება და შეკავების უნარი)

სძინავს ასეთ საოცარ პოზაში.. ხვრინავს პო პოლნოი პროგრამე… და შიგა და შიგ ისე წამლავს ჰაერს, რომ…

ამ დროს, ჯერ კიდევ ეტეოდა ლოგინის ქვეშ. იქიდან თავი აქვს გამოყოფილი და ლოგინის კიდეს ღრღნის… ეგ ვერა და მაგიდის შეჭმა მოასწრო, სანამ კბილები ექავებოდა.

აქ კი, ჩემს ორ უსაყვარლეს არსებას ერთად სძინავს :)

ამ წამს, ცოტა შეუძლოდ გრძნობს თავს რეი ბუსი. მგონი ცისტიტი აქვს.. ვერ იკავებს და თან ძნელად და წვალებით.. ადგილ ადგილ შვრება ფიშებს. სასეირნოდ რომ ჩავალთ წამალი უნდა ვუყიდო აფთაქში…

წავედი.. გავქრი..

Follow

Get every new post delivered to your Inbox.