Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ივნისი, 2009

ერთი წლის წინ, ცოტა მეტიც, ალბათ, ჩემი შავი, სპორტული გოლფ IV გავყიდე. გადაწყვეტილი მქონდა, ფეხით სიარული მესწავლა თავიდან და ცოტა ფული მომეგროვებინა. ისე კი, გულის სიღრმეში, არასროს შემიწყვეტია ”გასრიალებულ” მერსედესზე ფიქრი. უბრალოდ, სულ უბრალოდ, გასართობად და თავის მოსატყუებლად, ყველა მესინჯერსა თუ ვებგვერდზე, სადაც კი შესაძლებლობა მქონდა, მეწერა: Oh, Lord, won’t you buy me Mercedes Benz! მგონი ერთი თვეც არ იყო გასული, ჩემი სანუკვარი ოცნების მანქნა რომ შევიძინე.

მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა. ახლა კომპიუტერთან ვზივარ, ვათვალიერებ ჩემი ოცნების მერსედესის სურათებს და ნახევარლიტრიან ცრემლებს ვყლაპავ. 11.500$-ად გავყიდე ჩემი ოცნება. ვერც კი წარმოვიდგენდი, ასე თუ მეტკინებოდა მასთან განშორება. არადა, არასდროს ვყოფილვარ ”ჟეშტზე” დამოკიდებული, მაგრამ ის ძალიან შემყვარებია.  .  .

ახლა ვცდილობ პოზიტივი ვიპოვო…  ასე თუ ისე მყავს გადაადგილების საშუალება: mazda protege 5, 2003 წლის, ბანკში მაქვს 5.500$-ით ნაკლები ვალი და ისევ მაქვს ოცნება…

Oh, Lord, Won’t You Buy Me (another) Mercedes Benz…….

Advertisements

Read Full Post »

საუკუნეა აქ აღარ შემომიხედავს. ამ წამს ემოციურად გადატვირთული ვარ და ვიფიქრე, აქ დავიცლებითქო.

ზოგადად, ყოველთვის პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქედ ვითვლებოდი, ანუ, ადამიანად, რომელსაც მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი დამოკიდებულება და აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რათა საჭირო შემთხვევაში სწორი, ქვეყნისათვის და მისთვის საკეთილდღეო გადაწყვეტილების მიღება შესძლოს.

ამ ბოლო დროს, ნელ-ნელა, ზედმეტად ინერტული ვხდები. საერთოდ აღარ შემიძლია რუსთავი ორის, ან საერთოდ საინფორმაციოების ყურება. შედარებით ობიექტურად მოვლენები შუქდება აქუვიზიასა და მაესტროზე, მაგრამ მათაც ისეთი მინუსები აქვთ, რის გამოც, აღარც ამ საინფორმაციოებისათვის შემიძლია თვალყურის დევნება.

რუსთავი 2 ეს არის ტელეარხი, რომლის საინფორმაციო გადაცემებმა, ჩემს თვალში, მატყუარის სტატუსი დაიმსახურა. რუსთავი ორის საინფორმაციო გადაცემაში გაჟღერებულ სიახლეებს აუცილებლად სჭირდება შემდეგი გადამოწმება, რათა დადასტურდეს მისი სანდოობა, შესაბამისად, ჩემთვის უკვე აზრი დაკარგა მაგ წყარომ. (დაახლოებით იგივე ჩარჩოებში ჯდება იმედი და საზოგადოებრივი ტელევიზია).

აქუვიზია: იმისა არ იყოს, მის საქართველოს შესარჩევ კონკურსზე ყველა მონაწილე რაღაცით, განსაკუთრებით კი ცხვირით რომ წააგავს ხოლმე კიწმარიშვილის ცოლს, აი ასევე ამ ტელეარხზე, ყველა აქუბარდიას როგორ დაემსგავსა უსიცოცხლობაში… მათ საინფორმაციოს მართლა ვეღარ ვუყურებ, ვინაიდან, იმდენად მკვდარი წამყვანები ჰყავთ, რომ ვატყობ, მეც პულსი მინელდება ხოლმე მათი ცქერისას…

მაესტროს უკომენტაროდ: აქ, ბუნებრივია, შეუძლებელია გადიოდეს ტყუილი, ვინაიდან ყველანაირი ინტერპრეტაციის გარეშე გადის სიუჟეტები, მშრალი ფაქტები, მაგრამ იმდენად პროპაგანდისტული გახდა ეს ტელევიზია, რომ არც მისი ყურება აღარ შემიძლია… არა, ამ ტელევიზიისაც მესმის, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რადიკალურად სახელისუფლებო ტელევიზიებს ნეიტრალური ტელევიზია ვერ გამოასწორებს, აუცილებლად, ლოგიკურია, რომ ასე უკიდეგანოდ ოპოზიციური ტელევიზია უნდა იყოს, რომ გარკვულად დაბალანსდეს საინფორმაციო გარემო… ალბათ, მაგრამ მე? რიგით მოქალაქეს რომ უკვე აღარ შემიძლია ამ ყოველივეს ატანა, რა ვქნა??

საქართველოს “პრეზიდენტზე” ძალიან დიდი ხანია ავიცრუე გული, თუმცა მის გადადგომაზე არ მიფიქრია მაინც და მაინც.. მაგრამ ომის შემდგომ ძალიან შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ძალაინ ხშირად მიწევს დევნილებთან ურთიერთობა. ხალხთან, რომელთა შესახებაც აღარავინ იხსენებს, რომელთა შესახებაც ინფორმაციის გაშვება სატელევიზიო მასმედიის საშვალებით ცენზურის ქვეშ მოხვდა, ხალხს, რომელიც, ამ ეტაპზე, არც ოპოზიციის გეგმებში შედის.. ყოველი მათთან შეხვედრა და კიდევ ერთხელ შეხება იმ ყოფასთან, რომელშიც ისინი არიან, მეტად მაზიზღებს, აი მართლა მაძაგებს საკუთარი ქვეყნის ბელადს. თუმცა, დილემა არ მექნებოდა, აქ რომ მთავრდებოდეს მთელი ეს გასაჭირი.

კარგი.. ვერ ვიტან პრეზიდენტს, იმიტომ კი არა, რომ მასაჟი გაიკეთა, ან სადღაც ისევ უსირცხვილოდ ამოიყორა მუცელი, მე მას ვერ ვიტან, ვინაიდან ის ჩემს ქვეყანას, რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს ჩემებურად, უსირცხვილოდ ვნებს. ამ მხრივ, ყველაფერი გასაგებია ჩემთან დაკავშირებით, მე მისი მოწინააღმდეგე ვარ, რაც ბევრის თვალში, ავტომატურად მიმაკერებს ოპოზიციას, კერძოდ გრეჩიხობას (რატომღაც, სააკაშვილის მომხრეებს ყველა ოპოზიციურად განწყობილის გრეჩიხის მოტრფიალედ მონათვლა სჩვევია). არადა ოპოზიციაც მძულს უკვე, მძულს არა იმიტომ რომ კარავი ან საკანი დადგეს სადმე და ხის ძირას მოისაქმეს, ვინმეს ფანჯრის ქვეშ, არამეტ იმიტომ, რომ თავიანთი დაბალი დონითა და დაუგეგმავი, ქაოტური მოქმედებებით, არანაკლებ ვნებენ ჩემს ქვეყანას, რომელიც, კიდევ გავმეორდები, ძალიან, ძალიან მიყვარს ჩემებურად.

ჩემი დილემა მდგომარეობს შემდეგში: რომელი მხარე უნდა ავირჩიო? ვიცი, რომ უნდა ავირჩიო, თან აუცილებლად. ყველაზე მავნე, მოქალაქეობრივი ვალის თვალსაზრისით, არის ახლა ერთობ მოდური “ნეიტრალურობა”, ამას მე მოქალაქეობრივ გულგრილობას ვეძახი. არ მინდა რომ გავხდე გულგრილი… ეს ჩემის აზრით, პირველი ნაბიჯია საკუთარი ქვეყნის გულისცემისაგან დაშორებისა, ამავე დროს მინდა სწორი პოზიცია მეჭიროს, ყოველშემთხვევაში, პოზიცია, რომელიც ჩემის აზრით იქნება სწორი. ამ ეტაპზე კი, ვერსად ვიპოვე ჭეშმარიტება, რომ თავი შევაფარო მას. არადა, ხვალ ისევ წავალ შეხვედრაზე და ისევ ასეთი სასოწარკვეთა შემიპყრობს..

აღარ ვიცი, რა ვქნა, არ მინდა ვიყო გულგრილი, მინდა მწამდეს და არა ბრმად.. ნული მაქვს შანსები, ჰო?

Read Full Post »