Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for აგვისტო, 2009

მოკლედ, ძალიან მოკლედ რომ არ დავწერო ჩემი დღევანდელი გასტრონომიული შთაბეჭდილებები, ალბათ, მშვიდად ვერ დავიძინებ.

გონიოში მიმავლებს გული დაგვწყდა, რომ ქუთაისის გასასვლელთან ჯერ არ გვშიოდა. სამაგიეროდ, უკან მომავალ გზაზე, სპეციალურად ნახევრადმშივრები წამოვედით, რომ ”მამაქალაქის” შესასვლელთან მდებარე უკრაინული სამზარეულოს რესტორანში გვევახშმა. ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ!

ეს მშვენიერი, მყუდრო და მეგობრული ატმოსფეროთი გაჯერებული სახლის ტიპის რესტორანი ქუთაისის შესასვლელში არის ხელმარჯვნივ. (ეს როცა დასავლეთიდან მოდიხარ და გასასვლელში, თუ თბილისიდან მიდიხარ).  რაღაც წყლის ავზი არის რკინის კონსტრუქციაზე მაღალზე და იმაზე აწერია უკრაინა, თუ არ ვცდები. შეუხვევ თუ არა ეზოში შეხვალ მანქანით ერთსართულიანი ხის სახლის წინ. აივნის ჯებირები ისეა მოხატული, რომ უცებ, მართლა გავიწყდება, რომ შავ ქუთაისში ხარ.

ეხლა კი მთავარი, ანუ რამაც გაოცებული დამტოვა.

შევუკვეთეთ:

– ბორში არაჟნით

– სალათი (ქათმით, კვერცხით, პომიდვრით, მაიონეზით, ზეთისხილით, სოკოთი და რავი მე კიდევ რა აღარ იყო)

– რაღაც საფირმო, ძალიან უცხო კოტლეტი (სამკუთხედის ფორმა ქონდა, თითქოს ვაფლს გავდა) ორი ცალი და გარნირად პიურე

– ქოთანში საქონლის ხორცი კარტოფილითა და სოკოთი

– ორი ბოთლი საფირმო მარკის ლუდი

– პური მოგვიტანეს შავი, თან რატომღაც ორი შავი აგურის პური იყო დაჭრილი.

საჭმელი იყო უუუუუუუუუგემრილესე და თან საკმაოდ დიდი პორციები (ნახევარი დავტოვეთ). ძალიან კმაყოფილებმა მოვითხოვეთ ანგარიში და მორალურადაც მოვემზადეთ. სასიამოვნო გარეგნობის მომსახურე პერსონალი რომ მოვიდა და საყვარელი აქცენტით გვითხრა ოცი, ორივემ მოხარშული თევზის თვალებით შევხედეთ და ალბათ პირებიც რომ დავაღეთ მერე უკვე თავის ენაზე გაგვიმეორა დვადცატოო… აქ კიდევ უფრო გაკვირვებულებმა მასთან ერთად გავიმეორეთ ეს ჯადოსნური ციფრი… სანამ 50-იანის ხურდად 30 ლარი არ მოვიდა, ვერადა ვერ ვუჯერებდი მხოლოდ ყურებს, რომ 20 ლარი დაჯდა ყველაფერი ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

ასეთი რამ სადმე საქართველოში ან საერთოდ სადმე კიდევ თუ ხდებოდა არ მეგონა..

ყველას, ყველას, ყველას, ვისაც კი მოგიწევთ ქუთაისზე გავლა გირჩევთ, არ გამოტოვოთ ეგ მშვენიერი ადგილი!

Read Full Post »

Freak Day!

დილა დაიწყო სასწაულად… ჩემი უფროსი უჟმურ ხასიათზე მოვიდა სამსახურში და კონცერტები მომიწყო არაფრისთვის. ძალიან ვინერვიულე. მომაყარა მერე მილიონი საქმე და ისე ჩავეფალი მუშაობაში რომ ჭამა დამავიწყდა. მთელი დღე ყავაზე გადავატარე. პრინციპში, იმ მომენტში, ვერც ვგრძნობდი შიმშილს.

დღეს ჩემთან გამოდიოდა. დაღლილი ხარ არ გინდა წვალებაო, სადმე ავიღოთ საჭმელი და ისე გადავაგოროთ დღევანდელი დღეო. ბოლოს მაინც ჩემებურად შევთანხმდით: რამეს მოვამზადებდი სახლში (მიყვარს მისთვის საჭმლის მომზადება). გავიქეცი ჯი-თი-სი-ს პოპულში. გავავსე სავაჭრო კალათა პროდუქტებით. ლუდიც ვიყიდე 6 ბოთლი, მეთქი ესიამოვნება. ხუთი პარკი ძლივს მივათრიე მანქანამდე. ჩავდე მანქანაში და მერე ზევით ავირბინე, თავად სავაჭრო ცენტრში, მისი საათი მქონდა დატოვებული გასაკეთებლად და ის გამოვიტან. რა საშინელი ამინდი იყო, დავსველდი.

გზად გადავურეკე, მეთქი ჩემზე ადრე თუ მიხვედი ეზოში დამიცადე, მოხმარება მინდა სახლში რაღაცეების ასატანადთქო. გზად ვიფიქრე, მეთქი ზეთი ხომ არ მეყიდა ბარემ აფთიაქშითქო (თმა მაქვს საკვები, დავიწვი 🙂 ), ვურეკე, ვურეკე, მეთქი ვკითხო, ვასწრებ გავლას… სულ დაკავება ქონდა. შევეშვი. სახლში გავიქეცი პირდაპირ, მინდოდა ცოოოტათი მაინც მომესწრო რამის გამზადება, რომ დიდი ხანი არ დასჭირვებოდა მშიერს საჭმლის მოლოდინი. სულ დამავიწყდა დრო… დავიწყე სასწრაფოდ კარტოფილი… სტეიკი… გუშინდელი სადილიც შემოვდგი გასაცხელებლად (ვიცი, ქათამი არ უყვარს, მაგრამ მაინც გემრიელი ჩახოხბილი იყო) სალათა მივჭერი უცებ და ამასობაში სახლიც მივალაგე, იატაკები მოვრეცხე (რეის გადამკიდე, სუფთა სახლის დამლაგებელი გავხდი)… უკვე მესამე ნაჭერ სტეიკს ვწვავდი, კარტოფილი მეორედ შევაცხელე, ის კი არ ჩანდა. დავურეკე. სადღაც იყო, მანქანაში ვარო… (5 წლიანი ტყუილის აკადემია მაქვს დამთავრებული!!!).. გავატარე…

გავაწყე მაგიდა. დიდ თეფშზე ლამაზად მოვათავსე სტეიკის ნაჭრები, კარტოფილი და სალათი. დავუდე წითელი წიწაკაც (შევიძინე, სულ ითხოვს ხოლმე), მწვანე ცოცხალი წიწაკაც, ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის, ის პური, რომელიც მას უყვარს… და კიდევ სხვა რამეები. დავჯექი და ვიჯექი ასე 30 წუთი! უზომოდ მშიერი მივჩერებოდი ჩემს გაწყობილ მაგიდას და მეტირებოდა!

მოვიდა. ნასვამი. ხმა ვერ გავეცი. რამდენი მოითხოვა ყურადღება იმდენი ვეჩხუბე. წავიდა. ვერც გაიგო რა მეტკინა და რა მეწყინა…

არც მე მესმის… რატო მწყინს, ან რატომ ველი საერთოდ ვინმესგან რაიმეს. მართლა მიკვირს. ისიც მიკვირს, რომ არ ვაღიარებ, რომ მარტო მინდა! მარტო! იმიტომ რომ უფრო ადვილია იყო ბედნიერი! შენი თავისგან მაინც იცი, რას მოელოდე.

მეზიზღება ეს დღე. მალე მინდა გათენდეს.

Read Full Post »

Everything But The Blond!

აი, როგორც სიგარეტზე მაქვს დანებებული თავი 100.000 ორშაბათს და ესე 10 ახალ წელს, ისე ვერ დავიცავი პირობა, რომ წელამდე სიმწრით მოთრეული კარგი ხარისხის თმა ერთწამიანი ახირებით არ უნდა გავაფუჭო!

პირველი შეურაცხყოფა საკუთარ თმას დაახლოებით 6 წლის წინ მივაყენე. ბათუმში ვიყავი. ერთი ბიჭი მიყვარდა, რომელმაც აღნიშნა, რომ კულულები უყვარს. მეორე დღეს ბათუმის N სალონში ვიჯექი და ძირში ვკლავდი ჩემს აბრეშუმივით თმას… ქიმიური, თუ ბირთვული კულულები კარგი იყო ბათუმი-თბილისის მატარებელში გაკეთებული ფოტოსესიისას… თბილისის ჰაერზე ეგრევე ძირიდან მცვიოდა… დავდიოდი და დალალებს ვყრიდი, რომლესაც ჩემი პრინცი არ გამოყოლია.. დავრჩი მერე, როდისღაც, უპრინცოდ და უთმოდ! დავიფიცე, ცხრა ხატი და ცხრა ანგელოზი დავიფიცე, რომ თმას აღარ გავაბითურებდი…

მერე ქერა ვიყავი… გამიძლო, გადარჩა… მაინც ვეტაკე და ისევ ქიმია გავიკეთე. ისევ დაღაფა სული ჩემმა თმამ… მას მერე რამდენი წელი გავიდა?? მგონი საკმაოდ ბევრი… ეს წლები, მხოლოდ ”სოლნცე ეფექტი”-თ ვირთობდი თავს, ოდნავ ახუნებს ბუნებრივ თმას.

რამოდენიმე საათის წინ, ძლივს გაზრდილი (ერთ სიგრძეზე თან, ეხუმრებით?) სრიალა თმა ფოლგაში გავახვიე. ზუსტად, სულ რაღაც, 6 საათი მიმდიანრეობდა თმის დაკონსერვები პროცესი (ხშირი, გრძელი და სქელიაო, დაიწუწუნა).

ჩანაფიქრში სარა ჯესიკა პარკერის ერთ-ერთი სურათიდან მითითებული ფერი იყო. უჰ, რა უნდაო მაგასო. 6 საათის მერე სარკეში რომ ჩავიხედე სახე მომეჯღანა.. ჭაღარასავით ვარ. ქერა კი არა თეთრი ვარ. თეთრი მელირება მაქვს. რა საშინელებაა. არადა თმა მუქი მაქვს და აი… არ დავასახელებ ეროვნებას, მაგრამ ქე რო იმათ უყვართ შეღებვა ისე ვარ მეც!

უჟას. ხვალ ტონიკის გადავლებას ვაპირებ. თუ არ მიშველა, თავს ვიკლავ :D, თუ მიშველა და სასურველი ფერი მივიღე, შემდეგ პოსტს დავუთმობ საგანმანათლებლო თხრობას იმის შესახებ, თუ როგორ მივიღოთ სასურველი ფერის თმა, ან რამე მსგავსი…

Read Full Post »