Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for თებერვალი, 2010

The very last post on this blog! Good Bye!

ეს ჩემი ბოლო პოსტია ამ ბლოგზე. ცოტა ხანში ყველაფერს ვშლი და ვაუქმებ.

დღეს ძალიან ცუდი დღე მაქვს. მორალურად გავნადგურდი. ცოტა ჩემი ბრალია. მგონი, დიდი ხნის წინ უნდა გამოვსულიყავი გულუბრყვილობის ეპოქიდან ამხელა ფილარმონია ქალი.

რა ხდება?

ალბათ, ჩემს მცირერიცხოვან მკითხველს ემახსოვრება ჩემი პოსტი BUSTED! რამოდენიმე დაინტერესდა კიდეც, როგორ განვითარდა მოვლენებიო.

დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები, უბრალოდ, არსებობენ ან ა)ბოროტი ადამიანები, ან ბ) ადამიანები, რომელთაც IQ კოეფიციენტი სამწუხაროდ არ ჰყოფნით, რომ განსაზღვრონ, სად, როდის და რა იტლიკინონ.

ჩემი შეცდომა იყო, რომ გულუბრყვილოდ ვწერე საკუთარ სამყაროსა და საკუთარ გრძნობებზე, საკუთარ ისტორიებზე… მავანნი კი, ჩემს საწინააღმდეგოდ იყენებდნენ ჩემს ნაწერებს. ასეთ რამეს ძალიან არ ველოდი. არც იმას ველოდი, რომ ასე უზომოდ განვიცდიდი ამ ფაქტს, ასე მეწყინებოდა, კიდევ მერამდენედ ადამიანის სიმდაბლის დანახვა.

ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით იმ რამოდენიმეს, ვინც, ალბათ, ინტერესით კითხულობდით ხოლმე ჩემს ბლოგს. მე მას ვეღარ გავაგრძელებ.

სხვა დროს და სხვა სივრცეში მე აუცილებლად მექნება ბლოგი, მხოლოდ, მარტო მე მეცოდინება, რომ მისი ავტორი ვარ. სხვაგვარად, ძალიან გულაცრუებული ვარ ადამიანებზე.

მშვიდობით.

Read Full Post »

ალბათ, ჩემი პოსტი არც პირველი და არც უკანასკნელი იქნება ამ პროექტის ამ კონკრეტული გამოშვების შესახებ, თუმცა, ხელს არ ჩავიქნევ და მაინც დავაფიქსირებ ჩემს დამოკიდებულებას.

პროექტი ნიჭიერი ძალიან ძალიან მომწონს. სიამოვნებით ვადევნებ თვალყურს და განსაკუთრებით მახალისებს მემანიშვილის გაოგნებული, ყბადავარდნილი სიფათები, როცა ვერ იგებს, რა უნდა, ან რას ითხოვს გამომსვლელი (როგორც დღევანდელი ლეჩხუმელების ამოუცნობი ონტოლოგიის სიმღერის მსვლელობისას ქონდა). არ შემიძლია ჩემი განსაკუთრებული სიყვარული და სითბო არ გამოვხატო მშვენიერი წამყვანებისადმი, მათზე უკეთესს ვერავის შეარჩევდნენ!

ეს სატელევიზიო შოუ ჩემს მოწონებას ტექნიკური გამართულობითაც იმსახურებს. ასევე, ძალიან კარგად არის დაგეგმილი მარკეტინგიც, მედია მხარდაჭერაც და ასე შემდეგ, თუმცა, ჩემის მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა, აკლია წინასწარ დასახული მიზანი.

რას ვგულისხმობ ამაში: რასაც ვუყურე, ტენდენცია არის, რომ ვინც ოდნავ კარგად იმღერებს გადადის შემდეგ ტურში, ან ვინც კარგად იცეკვებს… არა, ცეკვა სიმღერას და ტაშფანდურას რა ჯობია, მაგრამ, სპორტულ ცეკვებს თუ ვინმე კარგად ცეკვავს, ამაში მე განსაკუთრებულ ნიჭს მხოლოდ მაშინ დავინახავ, როცა რაიმე სერიოზულ შეჯიბრებას მოიგებს თავის სფეროში და არა პრაფანებს მოაწონებს თავს ტრაკის ქნევით, მაშინ, როცა ნაკლები აღფრთოვანებით ხვდებიან მართლა ნიჭიერ ბიძერს, რომელსაც ფეხებით კბილების გამოხეხვა შეუძლია (აი აქ მართლა შემშურდა, რამდენჯერ მინატრია, თან ლაკის წასმა შემეძლოს ხელებზე და თან პოსტვათქო.. აქ ნამდვილად წამეხმარებოდა მსგავსი ნიჭიერი ფეხები).

მოკლედ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს სათქმელი, კიდევ უფრო კარგი იქნება და მეტ პატივს ვცემ ამ პროექტს, თუ ორიენტირს განსაკუთრებულ ნიჭზე აიღებენ და არა ქართული რეალობისათვის ისეთ ბანალურ ნიჭზე, როგორიც არის ქალაქური სიმღერები, თორემ, ბოლო ტური დიდი შანსია ვერ განვასხვავოთ ჯეოსტარისგან..

წავედი ეხლა მე..

ძალიან ნუ დამძრახავთ ამ პოსტისათვის.

პ.ს. ამირან მამულაშვილი რა კაციაააა 🙂 ცაკალელი.

პ.პ.ს. შემოვდივარ ინიციატივით, დღესვე, უპირობო გამარჯვებულად გამოცხადდეს ამ პროექტში ვანიკოოოოოოოოოოო

Read Full Post »

8:00 საათი

დილით ჩემმა გამაღვიძა.

– კარები დაკეტე, მივდივარ.. როგორ არ მინდა შენი დატოვება, რაღაც ცუდი სიზმარი ვნახე, მიწისძვრა იყო და ძაღლები ყმუოდნენ.

ძლივს ავეწეპე ლოგინიდან და ძილბურანში გავაცილე მივლინებაში 2 დღით. თბილ ლოგინში რომ შევძვერი უკან, ბუნდოვნად მახსოვს, მიწისძვრის იდეა და მარტო სახლში ყოფნა არ მხიბლავდა, მაგრამ თბილი საბნის სიტკბომ თავისი ქნა და უდარდელად განვაგრძე ძილი.

13:30 საათი

GTC-ის სავაჭრო ცენტრიდან ჩამოვდიოდი კიბეზე. მაღლებზე მეცვა. კიბეები თოვლჭყაპიანყინულიანი იყო. ხელებში ბეეეევრი რამე მეჭირა. ამიცდა ფეხი, თან ძალიან ცუდად ამიცდა. ჰაერში საოცარი მატრიცა ჩავატარე და რაღაც სასწაულებრივად ისევ ჩემს ბედნიერ ორ ფეხზე დავხტი. აი მაგ დროს ვიწამე მფარველი ანგელოზის არსებობა.

17:30 საათი

სახლში ვიყავი. სამზარეულოში. გაზქურა წყლის ნიჭარასთან დგას ახლოს. რაღაცა ამოვრეცხე უცებ, ცალი ხელი ხის კარადებზე მედო, ნახევარი ტანით მივტრიალდი გაზქურისკენ და ხელი მოვკიდე გრძელტარიან პატარა ქვაბს და ბზზზზზ, დენმა დამარტყა და ისეთი გამაბარძგალა რომ კინაღამ PM წავიღე გაღმა. საშნელება იყო. ვიგრძენი როგორ გადიოდა ძაბვა ჩემში, არასასიამო შეგრძნება იყო და ამავე დროს ვერ აღვიქვამდი რა მჭირდა. ბუნდოვანებიდან გამომაფხიზლა ჩემმა განწირულმა კივილმა და ნელ-ნელა, ძაალიან ნელა მივხვდი, რა მოხდა.

22:50 საათი

სანამ ავატარის მეორედ სანახავად შევვარდებოდი კინოში და სანამ თიკა მოვიდოდა, მეთქი, მთელი დღეა არ მიჭამია და პოპკორნი რას მიშველის, მოდი ელვისას შევუსეირნებ, უცებ რამეს შევჭამთქო. მთეეელი ფილარმონიის მისასვლელი მოყინული იყო. ისეთი დამფრთხალი მივჩოჩიალობდი, რომ ლამის ფეხსაცმლიდან ფრჩხილები გადმოვარჩე ყინულზე, უკეთ მოსაჭიდებლად. მშვიდობით მივედი დანიშნულების ადგილამდე, გავიმართე წელში და თამამად, მოხდენილად დავიწყე ნაბიჯის გადადგმა და ჰოპა… ისეთი ილეთი მოვხაზე ჰაერში, სანამ ტვინს გრანიტის იატაკზე გავასხამდი, რომ ელვის პრისლის შეშურდებოდა. სანამ ცოცხალი დავენარცხებოდი, ჰაერშივე ამიტანა შიშმა, ვაითუ მაქქვინს მივუწექი გვერდზე (ფილარმონიის დარბაზში თვითმკვლელი მაქქვინის პანაშვიდი “გუდბაი ფართი” იყო გაჩაღებული), ნეტა გუდუ მეც ისე თუ დამიტირებს, რავარც მაქქვინი გამოიტირათქო..

აქ ვერ გადავრჩი. ორი დღე ვკოჭლობდი და მარცენა ხელს საჭეზე ვერ ვხმარობდი.

შემდეგზე, კაცების წინათგრძნობასაც ვენდობი და როცა ლოგინიდან გადმოვალ ათჯერ დავფიქრდები, მარცხენა ფეხს ვდგამ პირველად, თუ მარჯვენას.

Read Full Post »