Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘საქალღმერთო’ Category

ალბათ, ჩემი პოსტი არც პირველი და არც უკანასკნელი იქნება ამ პროექტის ამ კონკრეტული გამოშვების შესახებ, თუმცა, ხელს არ ჩავიქნევ და მაინც დავაფიქსირებ ჩემს დამოკიდებულებას.

პროექტი ნიჭიერი ძალიან ძალიან მომწონს. სიამოვნებით ვადევნებ თვალყურს და განსაკუთრებით მახალისებს მემანიშვილის გაოგნებული, ყბადავარდნილი სიფათები, როცა ვერ იგებს, რა უნდა, ან რას ითხოვს გამომსვლელი (როგორც დღევანდელი ლეჩხუმელების ამოუცნობი ონტოლოგიის სიმღერის მსვლელობისას ქონდა). არ შემიძლია ჩემი განსაკუთრებული სიყვარული და სითბო არ გამოვხატო მშვენიერი წამყვანებისადმი, მათზე უკეთესს ვერავის შეარჩევდნენ!

ეს სატელევიზიო შოუ ჩემს მოწონებას ტექნიკური გამართულობითაც იმსახურებს. ასევე, ძალიან კარგად არის დაგეგმილი მარკეტინგიც, მედია მხარდაჭერაც და ასე შემდეგ, თუმცა, ჩემის მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა, აკლია წინასწარ დასახული მიზანი.

რას ვგულისხმობ ამაში: რასაც ვუყურე, ტენდენცია არის, რომ ვინც ოდნავ კარგად იმღერებს გადადის შემდეგ ტურში, ან ვინც კარგად იცეკვებს… არა, ცეკვა სიმღერას და ტაშფანდურას რა ჯობია, მაგრამ, სპორტულ ცეკვებს თუ ვინმე კარგად ცეკვავს, ამაში მე განსაკუთრებულ ნიჭს მხოლოდ მაშინ დავინახავ, როცა რაიმე სერიოზულ შეჯიბრებას მოიგებს თავის სფეროში და არა პრაფანებს მოაწონებს თავს ტრაკის ქნევით, მაშინ, როცა ნაკლები აღფრთოვანებით ხვდებიან მართლა ნიჭიერ ბიძერს, რომელსაც ფეხებით კბილების გამოხეხვა შეუძლია (აი აქ მართლა შემშურდა, რამდენჯერ მინატრია, თან ლაკის წასმა შემეძლოს ხელებზე და თან პოსტვათქო.. აქ ნამდვილად წამეხმარებოდა მსგავსი ნიჭიერი ფეხები).

მოკლედ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს სათქმელი, კიდევ უფრო კარგი იქნება და მეტ პატივს ვცემ ამ პროექტს, თუ ორიენტირს განსაკუთრებულ ნიჭზე აიღებენ და არა ქართული რეალობისათვის ისეთ ბანალურ ნიჭზე, როგორიც არის ქალაქური სიმღერები, თორემ, ბოლო ტური დიდი შანსია ვერ განვასხვავოთ ჯეოსტარისგან..

წავედი ეხლა მე..

ძალიან ნუ დამძრახავთ ამ პოსტისათვის.

პ.ს. ამირან მამულაშვილი რა კაციაააა 🙂 ცაკალელი.

პ.პ.ს. შემოვდივარ ინიციატივით, დღესვე, უპირობო გამარჯვებულად გამოცხადდეს ამ პროექტში ვანიკოოოოოოოოოოო

Advertisements

Read Full Post »

8:00 საათი

დილით ჩემმა გამაღვიძა.

– კარები დაკეტე, მივდივარ.. როგორ არ მინდა შენი დატოვება, რაღაც ცუდი სიზმარი ვნახე, მიწისძვრა იყო და ძაღლები ყმუოდნენ.

ძლივს ავეწეპე ლოგინიდან და ძილბურანში გავაცილე მივლინებაში 2 დღით. თბილ ლოგინში რომ შევძვერი უკან, ბუნდოვნად მახსოვს, მიწისძვრის იდეა და მარტო სახლში ყოფნა არ მხიბლავდა, მაგრამ თბილი საბნის სიტკბომ თავისი ქნა და უდარდელად განვაგრძე ძილი.

13:30 საათი

GTC-ის სავაჭრო ცენტრიდან ჩამოვდიოდი კიბეზე. მაღლებზე მეცვა. კიბეები თოვლჭყაპიანყინულიანი იყო. ხელებში ბეეეევრი რამე მეჭირა. ამიცდა ფეხი, თან ძალიან ცუდად ამიცდა. ჰაერში საოცარი მატრიცა ჩავატარე და რაღაც სასწაულებრივად ისევ ჩემს ბედნიერ ორ ფეხზე დავხტი. აი მაგ დროს ვიწამე მფარველი ანგელოზის არსებობა.

17:30 საათი

სახლში ვიყავი. სამზარეულოში. გაზქურა წყლის ნიჭარასთან დგას ახლოს. რაღაცა ამოვრეცხე უცებ, ცალი ხელი ხის კარადებზე მედო, ნახევარი ტანით მივტრიალდი გაზქურისკენ და ხელი მოვკიდე გრძელტარიან პატარა ქვაბს და ბზზზზზ, დენმა დამარტყა და ისეთი გამაბარძგალა რომ კინაღამ PM წავიღე გაღმა. საშნელება იყო. ვიგრძენი როგორ გადიოდა ძაბვა ჩემში, არასასიამო შეგრძნება იყო და ამავე დროს ვერ აღვიქვამდი რა მჭირდა. ბუნდოვანებიდან გამომაფხიზლა ჩემმა განწირულმა კივილმა და ნელ-ნელა, ძაალიან ნელა მივხვდი, რა მოხდა.

22:50 საათი

სანამ ავატარის მეორედ სანახავად შევვარდებოდი კინოში და სანამ თიკა მოვიდოდა, მეთქი, მთელი დღეა არ მიჭამია და პოპკორნი რას მიშველის, მოდი ელვისას შევუსეირნებ, უცებ რამეს შევჭამთქო. მთეეელი ფილარმონიის მისასვლელი მოყინული იყო. ისეთი დამფრთხალი მივჩოჩიალობდი, რომ ლამის ფეხსაცმლიდან ფრჩხილები გადმოვარჩე ყინულზე, უკეთ მოსაჭიდებლად. მშვიდობით მივედი დანიშნულების ადგილამდე, გავიმართე წელში და თამამად, მოხდენილად დავიწყე ნაბიჯის გადადგმა და ჰოპა… ისეთი ილეთი მოვხაზე ჰაერში, სანამ ტვინს გრანიტის იატაკზე გავასხამდი, რომ ელვის პრისლის შეშურდებოდა. სანამ ცოცხალი დავენარცხებოდი, ჰაერშივე ამიტანა შიშმა, ვაითუ მაქქვინს მივუწექი გვერდზე (ფილარმონიის დარბაზში თვითმკვლელი მაქქვინის პანაშვიდი “გუდბაი ფართი” იყო გაჩაღებული), ნეტა გუდუ მეც ისე თუ დამიტირებს, რავარც მაქქვინი გამოიტირათქო..

აქ ვერ გადავრჩი. ორი დღე ვკოჭლობდი და მარცენა ხელს საჭეზე ვერ ვხმარობდი.

შემდეგზე, კაცების წინათგრძნობასაც ვენდობი და როცა ლოგინიდან გადმოვალ ათჯერ დავფიქრდები, მარცხენა ფეხს ვდგამ პირველად, თუ მარჯვენას.

Read Full Post »

Coming Soon…

Ladies Night

DSC_0015

Read Full Post »

Freak Day!

დილა დაიწყო სასწაულად… ჩემი უფროსი უჟმურ ხასიათზე მოვიდა სამსახურში და კონცერტები მომიწყო არაფრისთვის. ძალიან ვინერვიულე. მომაყარა მერე მილიონი საქმე და ისე ჩავეფალი მუშაობაში რომ ჭამა დამავიწყდა. მთელი დღე ყავაზე გადავატარე. პრინციპში, იმ მომენტში, ვერც ვგრძნობდი შიმშილს.

დღეს ჩემთან გამოდიოდა. დაღლილი ხარ არ გინდა წვალებაო, სადმე ავიღოთ საჭმელი და ისე გადავაგოროთ დღევანდელი დღეო. ბოლოს მაინც ჩემებურად შევთანხმდით: რამეს მოვამზადებდი სახლში (მიყვარს მისთვის საჭმლის მომზადება). გავიქეცი ჯი-თი-სი-ს პოპულში. გავავსე სავაჭრო კალათა პროდუქტებით. ლუდიც ვიყიდე 6 ბოთლი, მეთქი ესიამოვნება. ხუთი პარკი ძლივს მივათრიე მანქანამდე. ჩავდე მანქანაში და მერე ზევით ავირბინე, თავად სავაჭრო ცენტრში, მისი საათი მქონდა დატოვებული გასაკეთებლად და ის გამოვიტან. რა საშინელი ამინდი იყო, დავსველდი.

გზად გადავურეკე, მეთქი ჩემზე ადრე თუ მიხვედი ეზოში დამიცადე, მოხმარება მინდა სახლში რაღაცეების ასატანადთქო. გზად ვიფიქრე, მეთქი ზეთი ხომ არ მეყიდა ბარემ აფთიაქშითქო (თმა მაქვს საკვები, დავიწვი 🙂 ), ვურეკე, ვურეკე, მეთქი ვკითხო, ვასწრებ გავლას… სულ დაკავება ქონდა. შევეშვი. სახლში გავიქეცი პირდაპირ, მინდოდა ცოოოტათი მაინც მომესწრო რამის გამზადება, რომ დიდი ხანი არ დასჭირვებოდა მშიერს საჭმლის მოლოდინი. სულ დამავიწყდა დრო… დავიწყე სასწრაფოდ კარტოფილი… სტეიკი… გუშინდელი სადილიც შემოვდგი გასაცხელებლად (ვიცი, ქათამი არ უყვარს, მაგრამ მაინც გემრიელი ჩახოხბილი იყო) სალათა მივჭერი უცებ და ამასობაში სახლიც მივალაგე, იატაკები მოვრეცხე (რეის გადამკიდე, სუფთა სახლის დამლაგებელი გავხდი)… უკვე მესამე ნაჭერ სტეიკს ვწვავდი, კარტოფილი მეორედ შევაცხელე, ის კი არ ჩანდა. დავურეკე. სადღაც იყო, მანქანაში ვარო… (5 წლიანი ტყუილის აკადემია მაქვს დამთავრებული!!!).. გავატარე…

გავაწყე მაგიდა. დიდ თეფშზე ლამაზად მოვათავსე სტეიკის ნაჭრები, კარტოფილი და სალათი. დავუდე წითელი წიწაკაც (შევიძინე, სულ ითხოვს ხოლმე), მწვანე ცოცხალი წიწაკაც, ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის, ის პური, რომელიც მას უყვარს… და კიდევ სხვა რამეები. დავჯექი და ვიჯექი ასე 30 წუთი! უზომოდ მშიერი მივჩერებოდი ჩემს გაწყობილ მაგიდას და მეტირებოდა!

მოვიდა. ნასვამი. ხმა ვერ გავეცი. რამდენი მოითხოვა ყურადღება იმდენი ვეჩხუბე. წავიდა. ვერც გაიგო რა მეტკინა და რა მეწყინა…

არც მე მესმის… რატო მწყინს, ან რატომ ველი საერთოდ ვინმესგან რაიმეს. მართლა მიკვირს. ისიც მიკვირს, რომ არ ვაღიარებ, რომ მარტო მინდა! მარტო! იმიტომ რომ უფრო ადვილია იყო ბედნიერი! შენი თავისგან მაინც იცი, რას მოელოდე.

მეზიზღება ეს დღე. მალე მინდა გათენდეს.

Read Full Post »

ერთი წლის წინ, ცოტა მეტიც, ალბათ, ჩემი შავი, სპორტული გოლფ IV გავყიდე. გადაწყვეტილი მქონდა, ფეხით სიარული მესწავლა თავიდან და ცოტა ფული მომეგროვებინა. ისე კი, გულის სიღრმეში, არასროს შემიწყვეტია ”გასრიალებულ” მერსედესზე ფიქრი. უბრალოდ, სულ უბრალოდ, გასართობად და თავის მოსატყუებლად, ყველა მესინჯერსა თუ ვებგვერდზე, სადაც კი შესაძლებლობა მქონდა, მეწერა: Oh, Lord, won’t you buy me Mercedes Benz! მგონი ერთი თვეც არ იყო გასული, ჩემი სანუკვარი ოცნების მანქნა რომ შევიძინე.

მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა. ახლა კომპიუტერთან ვზივარ, ვათვალიერებ ჩემი ოცნების მერსედესის სურათებს და ნახევარლიტრიან ცრემლებს ვყლაპავ. 11.500$-ად გავყიდე ჩემი ოცნება. ვერც კი წარმოვიდგენდი, ასე თუ მეტკინებოდა მასთან განშორება. არადა, არასდროს ვყოფილვარ ”ჟეშტზე” დამოკიდებული, მაგრამ ის ძალიან შემყვარებია.  .  .

ახლა ვცდილობ პოზიტივი ვიპოვო…  ასე თუ ისე მყავს გადაადგილების საშუალება: mazda protege 5, 2003 წლის, ბანკში მაქვს 5.500$-ით ნაკლები ვალი და ისევ მაქვს ოცნება…

Oh, Lord, Won’t You Buy Me (another) Mercedes Benz…….

Read Full Post »

14 თებერვალი

ვისთვის ერთი ჩვეული დღე, ვისთვის დღესასწაული

როგორ შეიძლება გავატაროთ 14 თებერვალი?

ვარიანტი პირველი:

არ ხარ შეყვარებული. არ აქცევ ყურადღებას ამ რიცხვის განსაკუთრებულობას კალენდარზე და მიყვები ჩვეულ ცხოვრებისეულ რიტმს. გაქვს მორიგი დღე, რომელიც არაფრით არ დაგამახსოვრებს თავს.
ხარ შეყვარებული, მაგრამ მაინც, რაღაც ზე-პრინციპების გამო არ აქცევ ყურადღებას ამ ყურით მოთრეულ ქალებისათვის გასახარ დღესასწაულს. ქუჩაში ყველა ადამიანს, რომელსაც ყვავილებით, ან თვალებ აბრდღვიალებულს დაინახავ, შერაცხავ, როგორც ზე დაბალ დონეს და გულის სიღრმეში კი შენ თავსაც წარმოიდგენ მათ ადგილას, თან სიამოვნებით.

ვარიანტი მეორე:

არ ხარ შეყვარებული, მაგრამ მაინც მოგწონს ეს დღე. მიუხედავად იმისა, რომ სათაყვანებელი ობიექტი ჯერ არ გამოჩენილა შენს ცხოვრებაში, ამ დღეს, სხვა დანარჩენი შეყვარებულებივით, შენც სხვანაირ ჰაერს სუნთქავ. . . ჰაერს, რომელიც გაჟღენთილია მომავალი გაზაფხულის ყვავილების სურნელით, სიყვარულის ელექსირებით და მიუხედავად იმისა, რომ დღეს საჩუქარს ვერავის გაუკეთებ, ბედნიერი წარმოიდგენ მომავალ წელს უკვე თანამგზავრთან ერთად. შენ ბედნიერი ხარ.
შეყვარებული ხარ … უზომოდ. როგორ ელოდი ამ დღეს, რომ კიდევ ერთხელ შენს საყვარელ ადამიანს მიანიჭო ბედნიერება და დატკბე მის სახეზე გამოსახული  ღიმილით. აი, შეყვარებულ ადამიანებს არა ნაკლები თავსატეხი გვაქვს ამ განსაკუთრებული დღისათვის. ყველას უჩნდება კითხვა, რა ვაჩუქო? წუხელ მთელი ღამე ვფიქრობდი საჩუქრების ვარიანტებზე. მათ შორის, ფანტაზია არ დავზოგე და ისიც წარმოვიდგინე, ბიჭი რომ ვიყო რა საჩუქარი მესიამოვნებოდა. ვეცდები აქ შემოგთავაზოთ სასურველი საჩუქრების სია. ვიმედოვნებ, დახმარებას გავუწევ ერთ დაბნეულ შეყვარებულს მაინც 🙂

რა ვაჩუქოთ გოგოს?

1. პარფიუმერია. თითქოს ტრივიალური საჩუქარია, თუმცა დამერწმუნეთ, ყველანაირი გემოვნებისა თუ წარმოდგენების ქალბატონს ასიამოვნებთ პარფიუმერიის ჩუქებით.
თუ სუნამოს გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. შესაძლოა საშუალო სეგმენტის ბრენდი შეარჩიოთ და ბიუჯეტს გაუფრთხილდეთ, მაგრამ ხარისხს ნუ დაივიწყებთ. ბაზრობაზე ნაყიდ ფალსიფიცირებულ შანელის სუნამოს გაცილებით სჯობს სპეციალურ მაღაზიაში ნაყიდი პუმა, ან თუნდაც კრისტინა აგილერას სუნამო.
ძალიან კარგი გადაწყვეტილება მცირე ბიუჯეტის შემთხვევაში

მანგოს სასაჩუქრე ნაკრები. 69 ლარი

adorably_set_493ea9295e5b52

ძალიან კარგი გადაწყვეტილება სავსე ბიუჯეტის შემთხვევაში

დოლჩე და გაბანას პარიფუმირებული წყალი
სისილი

220 ლარი

sicily_493ec3564fc3e

2. ფულფულა საჩუქარი. როცა საკითხი საყვარელი ადამიანისაგან ნაჩუქარ ფუმფულა სათამაშოს ეხება, არასდროს არ ვართ ბავშვობის ასაკიდან გამოსულები. ყველა ქალბატონს გაუხარდება გულისსწორისაგან ნაჩუქარი ქუნქულას გულში ჩახუტება, როცა მოიწყენს, როცა უხარია, ან უბრალოდ.

შეიძინეთ ესეთი ქუნქულა სათამაშო. აპკურეთ თქვენი სუნამო
და თქვენ შეყვარებულს მუდამ გაახსენდებით, როცა კი ჩაიხუტებს გულში.
პირადა მეც სიამოვნებით ჩავიწვენდი ხოლმე ყოველ ღამით ლოგინში ასეთ სიმფუმფულეს 🙂

ზომის მიხედვით ფასი მერყეობს 20 ლარი -200 ლარი

big_teddy_bear_ii

შენიშვნა: ნუ იყიდით გრანდიოზული ზომისას. ის მფლობელში იმდენად ნაზ გრძნობებს არ იწვევს და ტყუილად დაიმტვერება სადმე სახლის კუთხეში.

3. სამკაული. ესეც სუნამოსავით არის. ზოგს ჰგონია ზედმეტად ბანალური საჩუქარი, თუმცა არც ერთი შეყვარებული გოგო არ დარჩება გულგრილი ლამაზი ყელსაბამის მიმართ, რომელიც მუდამ გაახსენებს თქვენს თავს

ძალიან კარგი გადაწყვეტილება მცირე ბიუჯეტისშემთხვევაში

პილგრიმის ბიჟუტერია მშვენიერი გადაწყვეტილებაა თუ ჯიბე მსუქნად ვერა გაქვთ 🙂 შეყვარებული ქალისათვის მთავარი არა “პრობია” და ღირებულება, არამედ გულით შერჩეული გემოვნებიანი საჩუქარი და ყურადღება.

ფასი : 79 – 150 ლარი

417-301

ძალიან კარგი გადაწყვეტილება სავსე ბიუჯეტის შემთხვევაში

რობერტო ბრავო… ბევრი ქალბატონი ალბათ ოცნებობს ამ უმახლესი ხარისხის, ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს გულსაკიდის ქონაზე,

შენიშვნა: ამხელა თანხის გადახდა არ ღირს, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ თქვენი მეორე ნახევარი კარგად შეაფასებს და დააფასებს ამ უმშვენიერეს საჩუქარს.

სავარაუდო ფასი : 1000 ლარი +

5

4. ყვავილები. თითქმის, ქალბატონთა 90%-ზე მეტს სიამოვნებს ყვავილები და სიხარულს ანიჭებს, მიუხედავად იმისა, ეს ნახსენები აქვთ თუ არა პირად საუბრებში. ეს ყველაზე ხელმისაწვდომი და იოლი საჩუქარია თქვენი მეორე ნახევრისათვის, თუმცა შედეგი იგივე აქვს, რაც ძვირად ღირებულ სხვა საჩუქარს: თქვენი შეყვარებული ბედნიერი გადაგეხვევათ და გაკოცებთ, ყვავილებს კი რუდუნებით მოუვლის სახლში. ალბათ მის გამხმარ ფურცლებსაც შეინახავს სამახსოვროდ და ყოველთვის მოაგონდება მშვენიერი ვალენტინობის დღე, თქვენთან გატარებული.

ფასი : 10 – 300 ლარი

დამოკიდებულია, როგორც ყვავილის სახეობაზე, ასევე რაოდენობაზე 🙂

mauritius_flowers__200510dsc6642

5. კულტურული საღამო. ხანდახან ბევრ საჩუქარზე უფრო ძვირფასი ლამაზად გატარებული საღამო შეიძლება იყოს. ეს საუკეთესო შესაძლებლობაა თქვენი გულისსწორი დაპატიჟოთ თეატრალურ წარმოდგენაზე ან კინოში, შემდგომ კი სასიამოვნო გარემოში ერთად ისადილოთ. ეს ვარიანტი განსაკუთრებით რეკომენდებულია ახლად დაწყებული ურთიერთობისათვის, როდესაც არ გაქვთ საკმაო თავდაჯერებულობა, რომ საჩუქარი შეურჩიოთ გოგონას, არადა გინდათ რომ ასიმოვნოთ და დიდ ხანს დაამახსოვროთ აღნიშნული დღე. ვფიქრობ სიყვარულის ასახსნელადაც მშვენიერი გარემოა. შთამბეჭდავი თეატრალური წარმოდგენის, ან კინოსეანსის მერე გემრიელად ივახშმებთ მყუდრო, რომანტიულ გარემოში. ვახშამზე სანახაობას განიხილავთ და შთაბეჭდილებებს გაუზიარებთ ერთმანეთ. როცა სახლში მიაცილებთ, თამამად შეგიძლიათ გამოუტყდეთ სიყვარულში და გარწმუნებთ, ეს დღე არასდროს დაავიწყდება თქვენს გულის სწორს

კინოთეატრის ბილეთები       20 ლარი

movie-tickets-popcorn

გემრიელი ვახშამი

80-150 ლარი

04

კიდევ ძალიან ბევრი რამის რჩევა შეიძლება, მაგრამ ამ ერთ უსტარში ნამდვილად ვერ ჩავტევ. ვფიქრობ, გარკვეულად, ესეც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაშ. პლიუს მინუს ცოტა თქვენი ფანტაზიაც და რაწმუნებული ვარ მშვენიერ, სამახსოვრო დღეს გაატარებთ საყვარელ ადამიანთან ერთად.

თუ თქვენ ჯერ არ გაგიმხელიათ საკუთარი გრძნობები გახსოვდეთ, 14 თებერვალი საუკეთესო დღეა:

სიყვარულში გამოსატყდომად

ხელის სათხოვნელად

უბრალოდ გრძნობების გასამხელად და სიყვარულზე სასაუბროდ

პირადად ჩემთვის, 14 თებერვალი არასდროს არ ყოფილა ჩვეულებრივი დღე. ყოველთვის რაღაც მოლოდინებით სავსე ვუცქერდი ხოლმე ამ თარიღს კალენდარზე.

რამოდენიმე დღის წინ დავინტერესდი, უფრო კონკრეტულად როგორი დღეა ჩემთვის წმინდა ვალენტინობა, ამისათვის არ დავიზარე, გადმოვალაგე ჩემი დღიურების მდიდარი კოლექცია და დავიწყე 14 თებერვალს გაკეთებული ჩანაწერების კითხვა.

დაახლოებით 18 წლის ნამოღვაწარიდან, მხოლოდ ორ დღიურში აღმოვაჩინე ჩანაწერი. მათ თუ ვენდობით, 1999 წლის ვალენტინობას ”ევრო მიქსში” შევხვდი. იქ გავიცანი ვინმე გიორგი, რომელიც  გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ლეონარდო დი კაბრიოს და ჭკუაზე არ ვიყავი. ვასკვნი, არაფერი გამოგვივიდა მე და ლეონარდოს, ვინაიდან, რომ არა ეს დღიური, არც კი მახსოვდა მსგავსი რამ. ვიყავით მე, დეა, სალო და სამწუხაროდ ვერ წამოვიდა თამო.

2001 წელს ეს დღე გავატარე ქეთა ემუხვარის, ქოქოსაძის, ლიკას, მისი ორი დაქალისა და ჩემი შეუცვლელი თანამეწყვილე დეა ჩხეიძის საზოგადოებაში. ზედმეტად მთვრალებს, მე და დეას სახლის მაგივრად ვინმე ლუდვიგის სახლში გაგვღვიძებია (მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში, თვალი ავახილე თუ არა დავინახე, როგორ მიმზერდა საცურაო კოსტუმში გამოწყობილი უკმეხი მამაკაცი კედლის სურათიდან). ყოველივე ეგ მახსოვდა 🙂 მაგარი დღე იყო….

ბევრი სხვა დღეც იყო, სამწუხაროა, რომ დღიურში ვერ მივაგენი….

დღეისათვის სულ ეს არის…

მომავალ წელს დავწერ რა ვაჩუქოთ ბიჭს 🙂

To Be Continued……

მეორე ნაწილში წაიკითხავთ:

ახალი ჩანაწერი _ ვალენტინობა 2009

Read Full Post »

სახლები Inc

მთელი ერთი კვირაა, ფოსტის ცხენივით, წრეებს ვარყავ მცხეთას და მის მიმდებარე ტერიტორიას. გააფთრებული ვეძებ ნორმალური პირობების მქონე სახლებს მისაღებ ფასად, რათა დავაბინავო დაახლოებით 70 უცხოელი (ევროკავშირის მონიტორინგიის მისიის წევრები). ყველა ჯიშის და წარმომავლობის სახლი მოვიარე. იყო შემთხვევები, როცა კომუნისტების ერაში ჩარჩენილი ბინა (არადა ევრო რემონტიო და რამე მიმიტყუეს სანახავად) ქირავდებოდა, მაგრამ გახეხილი ყველის კონტეინერივით მოჰყვებოდა ესე 55-60 წლის გაუთხოვარი ქალიშვილი. არანაირი ფასის სანაცვლოდ არ ტოვებდა ბინას, გაქირავება კი უნდოდა…. დღემდე ვერ დავასკვენი საბოლოოდ, ბინის გაქირავებას ლამობდა ის ქალბატონი, თუ…? ალბათ უფრო თუ!

ძალიან მომეწონა ერთი სახლი. ფენშუის პრინციპით არის მოწყობილი. უსაყვარლესია. რა წამს ფეხს შედგამ, გამოსვლა აღარ გინდა; ეგრევე თვალწინ გიდგება შენი ყოველდღიური ყოფა იმ სახლის კედლებს შიგნით და სიამოვნებით მიჰყვები ფიქრთა ქარავანს…

საშინლად არ მომწონს ეს ”ფეშენებლური” სახლები, ეგრევე რომ ეტყობა, პატრონმა აღარ იცის სად შეტენოს თავისი მწვანეები! გარედან შეხედავ, ვითომ მაგარი სახლია, შიგნით შეხვალ და სოფლის სახლში გგონია თავი. არა რა, გემოვნებას ვერანაირ ფასად ვერ იყიდი!

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა სახლებისა არანაირად არ ჯდებოდა ჩემს ერთობ ”დახვეწილ” გემოვნებაში, ფაქტია, რომ ამ კაი ჰაერზე გაპარპაშებული, მინიმუმ 5 საძინებლიანი (ბასეინებზე და ჯაკუზებზე აღარაფერს ვამბობ) სახლების თვალიერების მერე, არც თუ ისე მიხარია ჩემი სამოთახიანი ბინის სიგარეტით გაჭვარტლული ჩემი საუკუნოვანი მწვანე ოთახი. მაგრამ მე მაინც კარგ ხასიათზე ვარ 🙂 მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ევას დროინდელი ბინის მწვანე ოთახს, ჩემს ნავსაყუდელს, არ აქვს თავისი სველი წერტილი, წერტილოვანი მასაჟის მცოდნე, მოლაპარაკე და იავნანის დამამღერებელი ჯაკუზით,  მის ბინადარ, ანუ მე, მაქვს ის, რაც მათ არ აქვთ 🙂 გემოვნება ”დახვეწილი” და ოცნებები….

მეც მექნება სახლი, მაგრამ არა აყლაყუდა. პატარა, მყუდრო და გემოვნებიანი (ისე შეიძლება ფენშუის მეც მივმართო მისი მოწყობის დროს).  ჩემი სახლის მთავარი ხიბლი იქნება მისი ეზო და სიყვარული, რომელიც არემარეს გაათბობს და გაანათებს :LOVE: მანამდე კი ესეც მეყოფა საოცნებოდ ….

chveni-saxli

Read Full Post »

Older Posts »