Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘avatar’

8:00 საათი

დილით ჩემმა გამაღვიძა.

– კარები დაკეტე, მივდივარ.. როგორ არ მინდა შენი დატოვება, რაღაც ცუდი სიზმარი ვნახე, მიწისძვრა იყო და ძაღლები ყმუოდნენ.

ძლივს ავეწეპე ლოგინიდან და ძილბურანში გავაცილე მივლინებაში 2 დღით. თბილ ლოგინში რომ შევძვერი უკან, ბუნდოვნად მახსოვს, მიწისძვრის იდეა და მარტო სახლში ყოფნა არ მხიბლავდა, მაგრამ თბილი საბნის სიტკბომ თავისი ქნა და უდარდელად განვაგრძე ძილი.

13:30 საათი

GTC-ის სავაჭრო ცენტრიდან ჩამოვდიოდი კიბეზე. მაღლებზე მეცვა. კიბეები თოვლჭყაპიანყინულიანი იყო. ხელებში ბეეეევრი რამე მეჭირა. ამიცდა ფეხი, თან ძალიან ცუდად ამიცდა. ჰაერში საოცარი მატრიცა ჩავატარე და რაღაც სასწაულებრივად ისევ ჩემს ბედნიერ ორ ფეხზე დავხტი. აი მაგ დროს ვიწამე მფარველი ანგელოზის არსებობა.

17:30 საათი

სახლში ვიყავი. სამზარეულოში. გაზქურა წყლის ნიჭარასთან დგას ახლოს. რაღაცა ამოვრეცხე უცებ, ცალი ხელი ხის კარადებზე მედო, ნახევარი ტანით მივტრიალდი გაზქურისკენ და ხელი მოვკიდე გრძელტარიან პატარა ქვაბს და ბზზზზზ, დენმა დამარტყა და ისეთი გამაბარძგალა რომ კინაღამ PM წავიღე გაღმა. საშნელება იყო. ვიგრძენი როგორ გადიოდა ძაბვა ჩემში, არასასიამო შეგრძნება იყო და ამავე დროს ვერ აღვიქვამდი რა მჭირდა. ბუნდოვანებიდან გამომაფხიზლა ჩემმა განწირულმა კივილმა და ნელ-ნელა, ძაალიან ნელა მივხვდი, რა მოხდა.

22:50 საათი

სანამ ავატარის მეორედ სანახავად შევვარდებოდი კინოში და სანამ თიკა მოვიდოდა, მეთქი, მთელი დღეა არ მიჭამია და პოპკორნი რას მიშველის, მოდი ელვისას შევუსეირნებ, უცებ რამეს შევჭამთქო. მთეეელი ფილარმონიის მისასვლელი მოყინული იყო. ისეთი დამფრთხალი მივჩოჩიალობდი, რომ ლამის ფეხსაცმლიდან ფრჩხილები გადმოვარჩე ყინულზე, უკეთ მოსაჭიდებლად. მშვიდობით მივედი დანიშნულების ადგილამდე, გავიმართე წელში და თამამად, მოხდენილად დავიწყე ნაბიჯის გადადგმა და ჰოპა… ისეთი ილეთი მოვხაზე ჰაერში, სანამ ტვინს გრანიტის იატაკზე გავასხამდი, რომ ელვის პრისლის შეშურდებოდა. სანამ ცოცხალი დავენარცხებოდი, ჰაერშივე ამიტანა შიშმა, ვაითუ მაქქვინს მივუწექი გვერდზე (ფილარმონიის დარბაზში თვითმკვლელი მაქქვინის პანაშვიდი “გუდბაი ფართი” იყო გაჩაღებული), ნეტა გუდუ მეც ისე თუ დამიტირებს, რავარც მაქქვინი გამოიტირათქო..

აქ ვერ გადავრჩი. ორი დღე ვკოჭლობდი და მარცენა ხელს საჭეზე ვერ ვხმარობდი.

შემდეგზე, კაცების წინათგრძნობასაც ვენდობი და როცა ლოგინიდან გადმოვალ ათჯერ დავფიქრდები, მარცხენა ფეხს ვდგამ პირველად, თუ მარჯვენას.

Advertisements

Read Full Post »

ერთი მეორეზე უფრო სწრაფად ჩნდება ბლოგოსფეროში პოსტები ავატართან დაკავშირებით. არც ფეისბუქი ჩამორჩება. თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო და აგერ მეც ვწერ.

დავიწყებ ყველაზე მთავარით! მე ავატარი ჯერ ვერ მინახავს! დღეს საათნახევრიან უსაქციელო რიგში ვიდექი, რომ 5 თებერვლის, პარასკევის ბილეთები ამეღო.

ეგეთ რიგში მხოლოდ ორ ადგილას ვმდგავარ, იურულ პერიოდში ტალონებზე გაცემული პურის რიგში (ისე, ის რიგი შედარებით კიდევ ცივილური იყო) და ბარამის რიგში.

ჩემს წინ

გაჭედილი ცოლ-ქმარი, რომელიც შემებრ საათზე მეტ ხანს იდგნენ რიგში, თუმცა, როცა ყიდვამ მოუწიათ აღმოჩნდა, რომ ეგრეც ვერ მოეფიქრებინათ, რომელ დღეს და რომელ საათზე სურდათ ბილეთები.

ჩემს უკან

ქალი: ამ კაცმა ოჯახის შექმნაზეც ამდენი ხანი იფიქრა ნეტა? (ბრბომ ეგრევე აღფრთოვანებით აიტაცა გონებამახვილი ქალის ფრაზა)

საინტერესო თინეიჯერული “შაიკა”:

– ბიჭო, დღეს მგონი არ არის პრასვეტი და დავაი სკოლას დავადოთ ხვალ, შეჩემა.

– არა ტოოოო! ხო არ გაგიჟდი, ვერიკო უნდა ვნახო!

– ეეე ვერიკოოო, ვერიკოოო…. ბიჭო, ვაფშე გესალმება??

– კი ტო, იმ დღეს გამიცინა. აუ იმ დღეს იმ ტიპს (სავარაუდოდ ვერიკოს ამბავია) იმენა ქურდული ბაზარი შევუსრულე, ჩემი დედა..

– ნუ გაატრაკე…

– ხო…

и тому подобное…

ამ დროს ჩემი ნანატრი რიგიც მოვიდა, სასწრაფოდ ავიღე ბილეთები და წამოვედი… თან ვფიქრობდი, როდის ვეღირსებით ნამდვილი ევროპული რიგის კულტურას, აი, იმ ლამაზი ევროპული რიგის კულტურას ლამაზად ჩაწიკწიკებული ერთზოლიანი მწკრივი რომ არის და ყველამ იცის, ვინ ვის წინ დგას და “გაიწიე გამატარე შენი კუბო დავდგი” არ ხდება.

ეს კი, ძველი, ყველასათვის ნაცნობი ფლეშ ვიდეო განწყობისათვის… იტალიის მაგივრად, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ – საქართველოს.

Read Full Post »