Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘destiny’

8:00 საათი

დილით ჩემმა გამაღვიძა.

– კარები დაკეტე, მივდივარ.. როგორ არ მინდა შენი დატოვება, რაღაც ცუდი სიზმარი ვნახე, მიწისძვრა იყო და ძაღლები ყმუოდნენ.

ძლივს ავეწეპე ლოგინიდან და ძილბურანში გავაცილე მივლინებაში 2 დღით. თბილ ლოგინში რომ შევძვერი უკან, ბუნდოვნად მახსოვს, მიწისძვრის იდეა და მარტო სახლში ყოფნა არ მხიბლავდა, მაგრამ თბილი საბნის სიტკბომ თავისი ქნა და უდარდელად განვაგრძე ძილი.

13:30 საათი

GTC-ის სავაჭრო ცენტრიდან ჩამოვდიოდი კიბეზე. მაღლებზე მეცვა. კიბეები თოვლჭყაპიანყინულიანი იყო. ხელებში ბეეეევრი რამე მეჭირა. ამიცდა ფეხი, თან ძალიან ცუდად ამიცდა. ჰაერში საოცარი მატრიცა ჩავატარე და რაღაც სასწაულებრივად ისევ ჩემს ბედნიერ ორ ფეხზე დავხტი. აი მაგ დროს ვიწამე მფარველი ანგელოზის არსებობა.

17:30 საათი

სახლში ვიყავი. სამზარეულოში. გაზქურა წყლის ნიჭარასთან დგას ახლოს. რაღაცა ამოვრეცხე უცებ, ცალი ხელი ხის კარადებზე მედო, ნახევარი ტანით მივტრიალდი გაზქურისკენ და ხელი მოვკიდე გრძელტარიან პატარა ქვაბს და ბზზზზზ, დენმა დამარტყა და ისეთი გამაბარძგალა რომ კინაღამ PM წავიღე გაღმა. საშნელება იყო. ვიგრძენი როგორ გადიოდა ძაბვა ჩემში, არასასიამო შეგრძნება იყო და ამავე დროს ვერ აღვიქვამდი რა მჭირდა. ბუნდოვანებიდან გამომაფხიზლა ჩემმა განწირულმა კივილმა და ნელ-ნელა, ძაალიან ნელა მივხვდი, რა მოხდა.

22:50 საათი

სანამ ავატარის მეორედ სანახავად შევვარდებოდი კინოში და სანამ თიკა მოვიდოდა, მეთქი, მთელი დღეა არ მიჭამია და პოპკორნი რას მიშველის, მოდი ელვისას შევუსეირნებ, უცებ რამეს შევჭამთქო. მთეეელი ფილარმონიის მისასვლელი მოყინული იყო. ისეთი დამფრთხალი მივჩოჩიალობდი, რომ ლამის ფეხსაცმლიდან ფრჩხილები გადმოვარჩე ყინულზე, უკეთ მოსაჭიდებლად. მშვიდობით მივედი დანიშნულების ადგილამდე, გავიმართე წელში და თამამად, მოხდენილად დავიწყე ნაბიჯის გადადგმა და ჰოპა… ისეთი ილეთი მოვხაზე ჰაერში, სანამ ტვინს გრანიტის იატაკზე გავასხამდი, რომ ელვის პრისლის შეშურდებოდა. სანამ ცოცხალი დავენარცხებოდი, ჰაერშივე ამიტანა შიშმა, ვაითუ მაქქვინს მივუწექი გვერდზე (ფილარმონიის დარბაზში თვითმკვლელი მაქქვინის პანაშვიდი “გუდბაი ფართი” იყო გაჩაღებული), ნეტა გუდუ მეც ისე თუ დამიტირებს, რავარც მაქქვინი გამოიტირათქო..

აქ ვერ გადავრჩი. ორი დღე ვკოჭლობდი და მარცენა ხელს საჭეზე ვერ ვხმარობდი.

შემდეგზე, კაცების წინათგრძნობასაც ვენდობი და როცა ლოგინიდან გადმოვალ ათჯერ დავფიქრდები, მარცხენა ფეხს ვდგამ პირველად, თუ მარჯვენას.

Read Full Post »