Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ივლისი, 2009

სამშაბათი. არც ორშაბათია, რომ მძიმე დღე დაარქვა, არც პარასკევი, რომ გაგიხარდეს…. რაღაც უდღეური დღეა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ამ დღეს მე მოვევლინე საქართველოს და სწორედ ამ დღეს გადავწყვიტე, მოქალაქეობრივი შეგნება ამემაღლებინა, ვინმე ბეევეს პატრონისათვის.

მთელი დღე ფოსტის ცხენივით დავქროდი ჩემი მანქანით (რომელიც მერსედესიც კი აღარ არის) მცხეთასა და სათაო ოფისს შორის (სათაო ოფისი თბილისშია, კრწანისში). სათაო ოფისში შესასვლელად ლოდინი მომიწია. ჭიშკარს რომ მივუახლოვდი, ჩვეულად, ფანჯრის ჩამოუწევად, ამაყად მივაკარი შუშას ჩემი გაღიმებულსურათიანი საშვი და არ შემიშვეს.. საგანგებო მდგომარეობააო. (მოგვიანებით გავიგე, რომ პატარა, უმწიკვლო მოხანძრო ელემენტი გაჩენილა ეზოში, რომელსაც კაცი მიფსმითაც ჩააქრობდა). მანამ, სანამ სახანძრო მანქანების კოლონები გადარეულები ეკვეტებოდნენ რეზიდენციის ვიწრო შესასვლელში, მე და ჩემი თანამშრომელი მარადმწვანე ზვიადისტთა თავყრილობის წევრებს ვაკვირდებოდით და ვერთობოდით (ტიპებს არ ბეზრდებათ, უკვე მერამდენე წელია, ედიკას რეზიდენციის წინ კონცერტების მოწყობა).

როდისღაც შევედი და გამოვედი ოფისიდან. მერე ბანკი, მერე საცობები, მერე მორე ბანკი, მერე მცხეთა, კომპიუტერი, ფორუმი1, ფორუმი 2, შეკვეთა გეპზე, დავხურე ნოუთბუქი და გამოვეშურე ისევ თბილისისაკენ, სახლში.

შემოვდივარ ეზოში და ვიღაც განუვითარებელს, ასევე განუვითარებლად ჰყავს დაყენებული (უფრო სწორი იქნებოდა – დაგდებული) მანქანა ეზოში და ჩემს ადგილას ვერ ვაყენებ. წარბშეუხრელად უკან ამოვუყენე მანქანა და ჩემს საქარე მინაზე დავტოვე ვრცელი დიდაქტიკური წერილი, იმის შესახებ, რომ მე 8 საათამდე სახლიდან არ გავალ ქვეყანა რომ დაიქცეს და მას ჩემი დალოდება მოუწევს. ვიმედოვნებდი, რომ მეორედ, სანამ ისევ მიაგდებდა თავის გადაღებილ მანქანას, ერთს კარგად დაფიქრდებოდა იმაზე, თუ სად და როგორ აყენებს…

ამოვედი სახლში ამაყი. კომპიუტერი. ფორუმი 1, ფორუმი 2, ვახშამი, ინტერნეტი, ონლაინ მაღაზიები, ფორუმი… და თან..

–  უკვე რვა დაიწყო, წავიდე?

– შენ მაგ კითხვას რა უფლებით ბედავ?? 300 ლარი იმისთვის გადაიხადე, რომ საღამო კომპიუტერთან გაატარო?

– არადა კოტეც არ მოდის, იმას კრიტიკული დღეები აქვს.. მარტო რა ივარჯიშებს. ეგებ მხოლოდ ბასეინში ჩავიდე?

– მერე შენც დაგეწყება კრიტიკული დღეები და გამართლებულად გააცდენ სამ დღეს. ხომ ხედავ, ფორუმზე არაფერი საინტერესო არ წერია, ყველა თემა, სადაც დაპოსტე, მკვდარია. უკვე მერამდენედ განაახლე გვერდი? არავის აინტერესებს. წადი, სარბენ ბილიკზე ხომ გახსოვს რა სწრაფად გადის დრო 🙂  თან კვირის ბოლოს სასწორზე უნდა შედგე, შენი თავის არ გიტყდება?

– აუ… რვა საათია უკვე. ნუ კაი ჯანდაბას… (შევდივარ საჭირო ოთახში)

– არა, ისე მოდი დავისვენებ დღეს. ყოველდღე ვარჯიში და ბასეინი რა უბედურებაა, გული დამეტვირთება და მალე მოვკვდები! სახლში დავრჩები და ფორუმზე დავპოსტავ.

– ფორუმზე უკვე ათასჯერ განაახლე გვერდი შენთვის საინტერესო თემებში. არავინ პოსტავს! არ მოგბეზრდა ამ იდიოტურ ყუთში ყურება?

თან ვფიქრობ, თან ჩანთა ჩავალაგე… მეზობელს უშნოდ დაუყენებია მანქანა…

– ტიოტია გალია, გაიოზ დომა? მაშინა მეშაეტ..

– ოი, ნანაჩკა, ევო ნეტუ (პირვლად ცხოვრებაში, გაიოზი სახლში არ დამხვდა). ონ ბილიარდ იგრათ პაშოლ ს დრუზიამი.. ნო. . . პო მოემუ კლუჩი ასტავილ…

– სპასიბო, ნე ხოჩუ, ზაბილა კაკ ვადით მეხანიკუ… ოი, დენგი ნა ინტერნეტ დაიტე…

ვიღებ ოც ლარს და ტაშფანდურით ამოვრბივარ კიბეზე….

მორალმა ბოლოჯერ დაიწუწუნა: ”4 წელი მექანიკა ატარე, შე ნამუსგარეცხილო შენა” … და იმეგაცრუებულმა, ჩუმად განაგრძო დასაკლები კილოების თვლა…

პ.ს. ბეემვეს უკან დგას ჩემი მანქანა, ჩემი მანქანის უკან დგას გაიოზის მანქანა, რომელიც ბილიარდს თამაშობს.

ასე გავთხარე ორი ორმო, რომელთაგან ერთში, დიიიიდი სიამოვნებით ვისკუპე!

Read Full Post »