Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ოქტომბერი, 2008

ყელის ფხანა

გუშინწინ ღამით დამეწყო ყელის ტკივილი ერთ წერტილში. საშინელებაა! დარწმუნებული ვარ ყველას გექნებათ გამოცდილი. ჯერ ერთ წერტილში გგონია, რომ ხიშტი გაქვს გარჭობილი, ნერწყვის გადაყლაპვას ისე ერიდები, რომ ბოლოს დორბლი მოგდის… მერე მეორე ნახევარზე გადამივიდა.. მთელი ღამე არ დამაძინა. დავითვალე და მგონი სულ სამჯერ გადავყლაპე ნერწყვი. დილით საერთოდ კატასტროფა იყო. მთელი დღე არ ვლაპარაკობდი. მერე ბებომ გამიკეთა ”ბებოს ელექსირი”, რომელიც ვივლე ყელში და მიშველა. დღეს კი, მესამე დღეს ახალი სატანჯველი შემომემატა. შინაგანი ფხანა მაწუხებს. ე.ი. ყურებიდან დაწყებული კუჭის თავით დამთავრებული შიგნიდან ყველაფერი მექავება! რა არ ვიღონე, ყურის ჯოხები მაქვს გარჭობილი და ინტენსიურად ვატრიალებ (ცოოოტათი მშველის) და ენა ძირიდან ამოვიგდე იმდენს ვიტრიალებ ყელში… ერთი პირობა გადავწყვიტე კბილის ჯაგრისიც მიმეშველებინა, მაგრამ ისეთი ვითხარე ყელში რომ კინაღამ გული ამერია და გადავიფიქრე… ცოტაც და სულ გადავირევი! აღარ მინდა ყელი, ენა, ცხვირი და ყური! გაუმარჯოს თავისუფლებას და უყელფხანობას!

Read Full Post »

First kiss… Muah..

არსებული დროის მონაცემებით, 14 წლის ასაკიდან მოყოლებული, მყავდა 1,2,3,4… N შეყვარებული (ვგულისხმობ ”ორმხრივ სიყვარულს”, პლატონური იდიოტიზმის ბაღის ასაკიდანვე არ მწამდა). მათგან, შედარებით სერიოზული ურთიერთობა მაკავშირებდა ორთან: ერთ-ერთი მეგონა ჩემი ქმარი იქნებოდა, მეორე კი თითქმის იყო (არ ვიცი აბა მასთან ერთ თვიან ვაი-თანაცხოვრებას რა დავარქვა). ყველა ჩემი ”კავშირები” გარკვეულწილად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, საოცარი გამოცდილება დავაგროვე, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ჩემი პირველი კოცნა თარიღდება 2008 წლის 17 მაისით.

ეს არ იყო პეტერბურგში… უცნაური ამინდი იყო, დილიდან ცდილობდა, მადლიანი, მაგრამ ვერა და ვერ გამოიმეტა ერთი წვეთი წვიმაც. აბანოთ უბანში შევხვდით. მანქანა ქვევით დავტოვეთ და აღმართს ხელჩაკიდებულები ავუყევით. უკვე მერამდენე დღე, საათი და წუთი იყო გასული ჩვენი გაცნობიდან.. მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც თავი ქალად აღვიქვი, მე მას ვიცნობდი. ჯერ ჩემს სიზმრებში მოდიოდა ხოლმე 🙂 თეთრი რაშით არა, მაგრამ მაინც პრინცი იყო.. ცოტა მოზრდილობაში უკვე დღის სიზმრებს სტუმრობდა, ანუ ის იყო ჩემი გამოგონილი მამაკაცი, რომლის შექმნასაც ვცდილობდი ყველა მამრში, თუ კი ვინმე გადამყრია.. მოკლედ დავუბრუნდები ისევ 17-ს. ჩემს საყვარელ ადგილას მივიყვანე, ნარიყალის გალავანზე, ზიხარ წარსულის მუხტით გაჟღენთილ ქვაზე და წინ შენი საყვარელი ქალაქი სულ სხვა ფერებში იშლება. სულ მგონია, მაგ ადგილიდან ხელს რომ გაიწვდი, ნებისმიერ სახლს ”მოწყვიტავ”, როგორც სასურველ ვარსკვლავს, ღამის ქალაქიდან. ვისხედით, ლუდს მივირთმევდით და მიყვებოდა ათას საინტერესო ისტორიას. ძალიან მიყვარს მისი მოსმენა, რაღაც მედიტაციური ხმის ტემბრი აქვს ჩემთვის 🙂 … ის ლაპარაკობდა, მე ხან ვუსმენდი, ხან ვერეოდი მის საუბარში, მაგრამ ვიცი, მეც და ისიც სულ სხვა რამეზე ვფიქრობდით 🙂 (ახლაც მეღიმება). მერე ზუსტად ისე იყო, თინეიჯერებზე გათვლილ რომანტიულ მელოდრამებში რომ არის … ლაპარაკ-ლაპარაკში ჩვენი სახეები დაახლოვდა.. მისი სუნთქვის თბილ სიმძიმეს ჩემს ლოყასთან ვგრძნობდი.. მერე ტუჩები საამურად გათბა.. მერე მადლიანად გაწვიმდა და მეგონა, წვეთები ჩემს ლოყებზე ორთქლდებოდა. ეს ჩემი პირველი კოცნა იყო. მივხვდი, რომ მანამდე არავინ და არაფერი არსებობდა. . . ახლაც ყველაფერი ასეა ჩემს ცხოვრებაში, ყოველი მოვლენა და ყველა დღე პირველია და განუმეორებელი 🙂

ჰეჰე.. პირველი სექსიც გამახსენდა, მაგრამ ის რომანტიულ ჟანრზე მეტად სათავგადასავლო კომედიას შეესაბამება 🙂 სხვა დროს იყოს…

პ.ს. ძალიან მიყვარხარ!

Read Full Post »